მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა
მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატების ნაწილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას არ ემხრობა და საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მხრიდან კვლავ საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე საუბრობს.
ამის შესახებ 13 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გუნდის უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას იზიარებს, „გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, არსებობს ჯგუფი დეპუტატებისა, რომელიც მხარს უჭერს, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის წარსდგენას“.
ხუნდაძის განმარტებით, იმ შემთხევაში, თუკი ქართული ოცნება არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს, ეს გუნდში და ამომრჩეველში დაბნეულობას გამოიწვევს. „დაბნეულობა გაზრდის რისკს იმისას, რომ არჩევნებში, შესაძლოა, გათამაშდეს ის ვარიანტი, რომ გაიმარჯვოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარმოდგენილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რაც იქნება არა სტაბილურობის გარანტი, არამედ ეს იქნება დესტაბილიზაციის წინაპირობა“, – განმარტა ხუნდაძემ.
ხუნდაძემ იქვე აღნიშნა, რომ თუკი, ქართული ოცნება მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, მის ქმედებებზე ისევ მმართველ გუნდს მოუწევს პასუხის გაცემა. „ამის რეალური მაგალითები უკვე არსებობს, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი თუ ვის დაუჭერს მმართველი პარტია მხარს, ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებებზე, პასუხს ისევ მმართველ გუნდს სთხოვენ“, – განაცხადა მან.
მართალია, დიმიტრი ხუნდაძეს კონკრეტული დამოუკიდებელი კანდიდატის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, დიდი ალბათობით, ის სალომე ზურაბიშვილს გულისხმობდა, რომლის მხრიდანაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას, ოპოზიციური სპექტრის მიერ მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავდა.
ხუნდაძის განცხადებას დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, განხილვის დროს, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა, „გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებზე თავისი კანდიდატით არ წარსდგება“, პარტიაში ერთხმად მიიღეს. მისივე თქმით, პარტია კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირებას არ ჩქარობს და მათ ამისთვის დაახლოებით ერთთვიანი პერიოდი კიდევ აქვთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)