საქართველო აშშ-ის 2019 წლის სამხედრო ბიუჯეტში
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ახალ აქტში აშშ-ის კონგრესი ქვეყნის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდებს, რომ „საქართველოს უსაფრთხოების სექტორის“, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი დახმარება უზრუნველყოს, ამასთანავე გააძლიეროს მისი თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც მის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას გააუმჯობესებს.
აშშ-ის 2019 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი წარმომადგენელთა პალატამ მაისში, სენატმა ივნისში მიიღო, პრეზიდენტმა ტრამპმა კი, დოკუმენტს ხელი 13 აგვისტოს მოაწერა. აქტი ყოველწლიური საბიუჯეტო კანონია, რომელიც თავდაცვით პოლიტიკის მიმართულებებს, დაფინანსების ოდენობას და ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებელ ორგანოებს განსაზღვრავს.
დოკუმენტში რუსეთის ფედერაცია პოტენციურ სამხედრო მოწინააღმდეგედ არის წარმოჩენილი და ხაზგასმულია, რომ აშშ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, „ევროპაში საკუთარი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“ გააგრძელებს.
კონგრესი აშშ-ის ფედერალურ ორგანოებს მოუწოდებს, რომ „გააღრმაონ შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, ნატოსა და სხვა მრავალმხრივი სამხედრო სწავლებების სიხშირე, მასშტაბი და ფარგლები“.
დოკუმენტი ასევე ადასტურებს „ნატოს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას“.
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს 14 აგვისტოს განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონში საქართველოს მოხსენიება „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში“.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებამდე დაახლოებით 6 თვით ადრე, აშშ-მა 2018 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი მიიღო, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა ფედერალური ორგანოების მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს. აქტის მიხედვით, საქართველოს დასახმარებლად შტატებმა 105.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. დოკუმენტი აშშ-ის მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებასაც კრძალავს, რომლებმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)