აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი USS Carney (DDG 64) 23-25 აგვისტოს ბათუმის პორტს სტუმრობს.
აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდი შავ ზღვაზე 12 აგვისტოს შევიდა და მისი მიზანი „საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება და რეგიონში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლებლობების და ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა“.
სამხედრო გემი, რომლის კაპიტანიც ტაისონ იანგია, ბათუმში 25 აგვისტომდე დარჩება, რა დროსაც, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლების ჩართულობით ერთობლივი წვრთნები ჩატარდება.
23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განამარტა, რომ ბათუმის პორტში USS Carney-ის ვიზიტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზაობას გაამყაროს კავშირები ნატო-ს პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას შავი ზღვის რეგიონში“.
23-25 აგვისტოს ბათუმი ასევე უმასპინძლებს იტალიურ ხომალდს – Nave Palinuri, რომლის ვიზიტის მიზანიც საქართველოსა და იტალიის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა.
USS Carney-ის ბათუმის პორტში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების განსახორციელებლად, ფოთის პორტს კიდევ ერთი ამერიკული ხომალდი – USNS Carson City სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)