მერკელი საოკუპაციო ხაზს ესტუმრა და საქართველოში ვიზიტი დაასრულა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 23-24 აგვისტოს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა, დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ ოძისთან მდებარე საოკუპაციო ხაზს ესტუმრა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.
24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ მერკელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული ფიზიკური ბარიერები აჩვენეს და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და საარსებო წყაროს მოპოვების თვალსაზრისით, მისი უარყოფითი შედეგები გააცნეს.
საოკუპაციო ხაზის მონახულებამდე, მერკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც სტუდენტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება „უსამართლობაა“ და რომ ეს „ოკუპაციაა“.
ვიზიტის მეორე დღეს, გერმანიის კანცლერი ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყნის შიდა და საგარეო საკითხები განიხილა.
ანგელა მერკელი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. საქართველოდან იგი სომხეთში გაემგზავრა. ის ტურნეს ხვალ აზერბაიჯანში ვიზიტით დაასრულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)