პრეზიდენტი „ამ ეტაპზე“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას არ აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას არ აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა 24 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აბაშიშვილის განმარტებით, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო კონსესუსის მიღწევა სურდა, რაც წარდგენილი კანდიდატის დამტკიცების შესაძლებლობას გაზრდიდა, თუმცა „კონსესუსი ამ ეტაპზე ვერ შედგა“.
„როდესაც ქართული ოცნება უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, ფაქტია, რომ კანდიდატურის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული“, – განმარტა აბაშიშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, „ამ ეტაპზე“ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელებას არ გეგმავს. თუმცა, გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეიცვალოს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორისგან და პოლიტიკური პარტიებისგან კრიტიკული შეფასებები უკვე მოჰყვა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, „ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება“. მისივე განმარტებით, იმით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა ქართულ ოცნებასთან დიალოგი ვერ მოახერხა, მთლიანობაში სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება დაზარალდა. „სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესების კიდევ უფრო გართულებაში“, – დასძინა მანვე.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიას შეფასებით, „პრეზიდენტის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა და საკუთარი პრეროგატივის გამოყენებაზე უარის თქმა, არის გაუმართლებელი“.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, პრეზიდენტმა „ვერ შეძლო თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება და ერთი კანდიდატის წარდგენა“, რითაც „ის თავის პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს“.
მარგველაშვილის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას, ფაქტობრივად, „მათთვის მისაღები კანდიდატის“ დამტკიცების შესაძლებლობა დაუტოვა, რომელიც „კვლავ გააგრძელებს სასამრთლოს მართვას იმ პრინციპებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების მიზანს ემსახურება“.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენით, თავის დროზე, უარყოფით როლი უკვე შეასრულა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ამ ვითარებაში, ლოგიკურია, რომ ლეგიტიმაციას მოკლებული პრეზიდენტის“ ნაცვლად კანდიდატურა „არჩევნების გზით, ხალხის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა“ წარადგინოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. პოსტი ვაკანტური 2 აგვისტოს გახდა, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა.
21 აგვისტოს, პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესის წარმართვა და კონკურსის შედეგად, კანდიდატის დასახელება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კანდიდატურის შესარჩევად დაწყებულ კონსულტაციებში ჩართვაზე უარი 15 აგვისტოს მმართველმა გუნდმაც განაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)