1918: საქართველოს ქალაქები

(ერთობა, 27 აგვისტო, 1918) ამიერ-კავკასიის ქალაქთა მუნიციპალური კავშირი განაგრძობს მუშაობას.

ამა წლის ივნისში კავშირმა მოიწვია ტეხნიკური თათბირი ქალაქთა წარმომადგენლებისა, რომელმაც დაადგინა რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში გაგზავნოს ტეხნიკური ძალები, რომ ადგილობრივათ დაწვრილებით და ყოველმხრივ გაეცნონ ასაშენებელ შენობათა პირობებს. ვინაიდან განცხადებები შემოვიდა: გორის, მიხაილოვო-ხაშურის, სურამის, ჭიათურის, ყვირილის, ქუთაისის, ოზურგეთის, სამტრედიის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, ფოთის და ზუგდიდის თვითმართველობათაგან, ტეხნიკურმა განყოფილებამ შეიმუშავა მუშაობის ფართო გეგმა თითეულ დასახელებულ ქალაქისათვის.

ტეხნიკურ განყოფილებას სხვათა შორის აზრათა აქვს ქალაქთა გეგმის აღება და ყველა ამისათვის საჭირო მასალის შეკრება, გარჩევა საკთხისა შენობების შეკეთების შესახებ, მოწყობა უკვე არსებულ საავათმყოფო შენობების და საავადმყოფოთა გაფართოვება, შედგენა ახალი პროექტების ასაშენებლათ ახალი შენობებისა პირველ-დაწყებითი სასწავლებელთათვის, საოჯახო სამეურნეო და სახელოსნო სასწავლებელთათვის, გიმნაზიებისათვის, საავადმყოფოთათვის, ცეცხლის-მქრობელ რაზმისთვის და ქალაქის აბანოებისათვის.

შეგროვება მასალების იმისათვის, რომ შეიძლებოდეს გადაჭრა ქალაქთა მიერ აღწერილ შუამდგომლობის ქალაქის სასაკლაოს მოწყობის შესახებ საბეითლო პუნქტით და საქალაქო დახურული ბაზრით, ქალაქთა სანიტარულ-ჯანმრთელობისათვის შენობების მოწყობა, კერძოთ: ჭაობების ამოშრობა ქ. ლანჩხუთის ხაზზე,  აგრეთვე ჭაობების ამოშრობა როგორც ქ. ფოთის ხაზზე, ისე მის გარეთ, შეგროვება მასალების ზოგიერთ მდინარის ნაპირების გასამაგრებლათ პროექტის შესადგენათ.

ქალაქის ხაზის ფარგლებში, საერთოდ დამბების მოწყობა და ქალაქში წყალთან ბრძოლის საკითხების გადასაჭრელად. შეგროვება ასეთივე მასალების არსებულ ხიდთა შეკეთებისა და ახალ ხიდთა აშენების შესახებ ქალაქთა მიერ აღძრულ შუამდგომლობის გადასაჭრელათ, დათვალიერება ქვაფენილებისა, რომ შემდეგ მოხდეს შეკეთება.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში უნდა შეგროვებულ იქნას მასალები წყალსადენის, კანალიზაციის, ელექტრონული განათების და ავტომობილებით მიმოსვლის და ტელეფონების საკითხების გადასაჭრელად.

საჭიროდ იქნა ცნობილი ასევე გაცნობა ზოგიერთ ქალაქის შემოსავლიან წარმოებისა, რომელიც უნდა მოეწყოს და ხსენებულ ქალაქის ბაზარს მიეცეს წარმოების ნაყოფი, კერძოთ შეგროვებულ უნდა იქნას საჭირო მასალები ზოგიერთ ქალაქში მოეწყოს წარმოება, მაგ. ხონში მოეწყოს აბრეშუმის საშრობი, ჯუმაათში სააგარაკო ადგილი, რომელიც საკმაო შემოსავალს მისცემს ქ. ლანჩხუთს, მოწყობა ამავე ქალაქში პარკის ყიდვის ორგანიზაციისა და აბრეშუმის საშრობისა, მუნიციპალიზაცია ზოგიერთი კერძო და სახელმწიფო ტყეების დასამუშავებლად, მოწყობა ქ. ზუგდიდში საქალაქო ელექტრონის წისქვილის წყლის ძალით.

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხების გარდა გადასაჭრელია კიდევ შემდეგი შუამდგომლობანი კერძო ქალაქებისა: 1) ქ. გორი – მასალების შეგროვება მთავრობასთან შუამდგომლობის აღსაძრავად ატენის ტყის წარმოების ქალაქისთვის გადასაცემათ, რადგან სამხედრო სამრეწველო კომიტეტმა ამ წარმოების ლიკვიდაცია მოახდინა, ასევე ქალაქისათვის მწვანეულობის და ხილეულობის საშრობის გადაცემა და ქალაქის თავისუფალ ადგილებზე კოოპერატიული კულტურული სამეურნეო ახალშენების მოწყობა. 2) ქ. სურამი – გარჩევა საკითხის ქალაქის მომავალ განვითარებაზე, როგორც კურორტის, და არჩევა ადგილის ქალაქთა კავშირის სანატორიუმის ასაშენებლათ. 3) ქ. ჭიათურა – შეგროვება საჭირო მასალების ქალაქის ფარგალში მუშებისთვის პატარა ქალაქის მოსაწყობად. 4) ქ. ყვირილა – შუამდგომლობა ქალაქს გადაეცეს საქარის სანერგე, რომ იქ მოეწყოს სამეურნეო სასწავლებელი. 5) ქ. ქუთაისი – მოწყობა საცხენო-სარკინისგზო მიმოსვლისა. 6) ფოთი – ნავთსადგურის გაღრმავების შესახებ, ქალაქში საზღვაო სასწავლებლის დაარსების შესახებ და არსებულ საცხენო რკინის-გზის ელექტრონული ტრამვაით შეცვლის შესახებ.

ყველა ამ საჭირო მასალების შესაგროვებლათ, აგრეთვე ყველა იმ საკითხის ადგილობრივ ქალაქის თვითმართველობასთან ერთად შესაფერი აქტების შესადგენათ ტეხნიკურმა განყოფილებამ გაგზავნა ქალაქებს სურამში, მიხაილოვოში, ყვირილაში, სამტრედიაში, ლანჩხუთში, სენაკში და ზუდიდში სამოქალაქო ინჟინერი ი.კ. რიჩგორსკი-სავიჩი და გზათა მიმოსვლის ინჟინერი ა.ა. აფანასიევი. პირველს ევალება გაიაროს ოზურგეთით და დეტალურად გაეცნოს ბახმაროს და ნაფოცხვრის შუა შოსსეს გაყვანის და კლიმატური  სადგურის მოწყობის საკითხს ამ სამუშაოს შესრულების შესახებ ხსენებული პირნი უნდა დაბრუნდნენ თფილისში და ტეხნიკურ განხოფილებას მოხსენება გაუკეთონ, შემდეგ კი ისინი გაიგზავნებიან სხვა ქალაქებში.