ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება

ქართულ ოცნებას ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა 26 აგვისტოს ოზურგეთში პარტიული შეხვედრების დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, არჩევნებში პარტია აქტიურად იქნება ჩართული, თუმცა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება. „მხარს აუცილებლად დავუჭერთ ერთ-ერთ კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს ექნება პარტიის მხარდაჭერა. მისი თქმით, ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადებენ, რაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება.

თბილისის მერის და პარტიის გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებით კი, კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერად ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტი მისი „არაპარტიულობა“ იქნება. „დაველოდოთ, ვინ იქნებიან კანდიდატები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – დასძინა თბილისის მერმა.

მმართველ გუნდში 6 აგვისტოს ოფიციალურად განაცხადეს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მათ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლებოდათ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ექნებოდა. თუმცა, მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისა და ჟურნალისტებისადმი არაეთიკური მიმართვის შემდეგ, პარტიაში საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში განახლებული მსჯელობა 22 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც დაადასტურა.
 

ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის მსურველი 31 კანდიდატია წარდგენილი, მათგან 15 უპარტიოა. 28 ოქტომბრის არჩევნებზე პრეზიდენტს 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)