შსს-მ ნეონაცისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავა
შინაგან-საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ნეონაცისტური მოძრაობის – „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავა.
შსს-ის განმარტებით, გამოძიება 31 აგვისტოს სოციალურ ქსელში მოძრაობის გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო. „პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია უწყების მიერ პირველ სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ მომენტისთვის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდი და გავრცელებული ვიდეო სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ ვარჯიშობდნენ მოძრაობის წევრები იარაღის სროლაში.
გიორგი ჭელიძე ძალადობრივი მოწოდებებით, ასევე მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილებით გავრცელებით გამოირჩეოდა. მიმდინარე წლის მაისში გამართული აქციების დროს, როდესაც შსს-ის მიერ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ახალგაზრდების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა, ჭელიძე კონტრაქციაზე ძალადობრივი მოწოდებებით გამოვიდა, რაზეც შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)