საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხელშეკრულების ახალ პირობებს აპროტესტებენ
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე ათეული თანამშრომელი 3 სექტემბერს ტელევიზიის წინ შეიკრიბა და მენეჯმენტის ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც თანამშრომლების ხელშეკრულებებში ცვლილებებს და საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმს ითვალისწინებს.
ახალი შემოთავაზება, რომელსაც ხელს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აწერს, შრომის ანაზღაურებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად ითვალისწინებს და, როგორც ამის თაობაზე დღევანდელი აქციის ორგანიზატორმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა განაცხადა, ის დაახლოებით ტელეკომპანიის 150 თანამშრომელს შეეხება.
მაუწყებლის პროფესიული კავშირი აცხადებს, რომ ახალი საკონტრაქტო პირობები თანამშრომლების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს გააუარესებს. პროფკავშირის წარმომადგენელმა ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თანამშრომლების დათხოვნის ფორმაა. „პირადი მოსაზრებებით გაათავისუფლო ადამიანები სამსახურიდან ძალიან არაპროფესიონალურია“, – განუცხადა მან Civil.ge-ს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი მიქიაშვილმა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მემონტაჟედ Civil.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ მან გასულ პარასკევს შეცვლილი ხელშეკრულება მიიღო და მხოლოდ ოთხი დღე ჰქონდა იმისათვის, რომ ან დათანხმებოდა ან შემოთავაზებაზე უარი ეთქვა.
მიქიაშვილმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ შემოთავაზებას არ დათანხმდება, მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება შეწყდება. მისი თქმით, შემოთავაზებაში სამუშაო საათების რაოდენობა დაზუსტებული არ არის, რაც ეჭვებს ბადებს, რომ მას საერთოდ არ დაუძახებენ. „სამსახურიდან უშვებენ ხალხს, მორჩა და გათავდა, უბრალოდ ეგეთი ფორმა აირჩიეს“, – განაცხადა მან.
კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც 12 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება „არის დაუსაბუთებელი და, შესაძლოა, მიზნად ისახავდეს ათეულობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას“.
კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს „მაშტაბური გათავისუფლებებისგან“ და „შეიმუშაოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბრალდებებს დღესვე განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მისი იმ გეგმების ნაწილია, რომელიც მიზნად სამსახურში გამოუცხადებლობის და მოშლილი აღრიცხვიანობის პრობლემის მოგვარებას ისახავს.
„მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად არის გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად არის ასახული სამუშაო რეჟიმებზე…წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას. შედეგად დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე დააზუსტა, რომ საუბარია 70-მდე კადრისთვის ხელშეკრულების პირობების ცვლილების შეთავაზებაზე, ნაცვლად 150-სა, როგორც ამის თაობაზე პროფკავშირმა განაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)