ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული ორი პოლონელი ტურისტი გაათავისუფლეს
„სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ დაკავებული პოლონეთის ორი მოქალაქე 3 სექტემბერს გაათავისუფლეს. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა.
ოკუპირებული რეგიონის სუკ-მა აღნიშნა, რომ ორი ტურისტი 1 სექტემბერს ჯავის რაიონის სოფელ ხოძის მახლობლად დააკავეს, როდესაც ისინი ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარე ყელის ტბასთან მისვლას ცდილობდნენ.
გათავისუფლების ფაქტის დასადასტურებლად და დამატებითი დეტალების მოსაპოვებლად, Civil.ge საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. ტურისტებისა დაკავების და შემდგომი გათავისუფლების ფაქტი ორივემ დაადასტურა, თუმცა ინციდენტის შესახებ დამატებით დეტალებზე საუბრისგან მათ თავი შეიკავეს.
ამ ბოლო დაკავებამდე დაახლოებით ერთი კვირის წინ, იმავე ტერიტორიაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პატრულირებენ, ლაშქრობაზე მყოფი ხუთი ქართველი ახალგაზრდა დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით, სულ 178 პირი დააკავეს, მათგან 126 პირი ცხინვალის რეგიონში და 52 პირი კი, აფხაზეთში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)