იაპონიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, რომელიც 4-5 სექტემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, დღეს თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა და ორმხრივ და რეგიონულ დონეებზე საქართველო-იაპონიის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა.
ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას, ტარო კონომ განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონი არის „კარიბჭე, რომელიც აზიას, ევროპას და შუა აღმოსავლეთს აკავშირებს“ და რომ „სტაბილურობა კავკასიაში არა მხოლოდ რეგიონულ დონეზე წარმოადგენს წუხილის საგანს, არამედ მნიშვნელოვანია, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“.
შემდეგ მან თავისი ქვეყნის ახალ კავკასიურ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს – ადამიანური რესურსების განვითარებაში დახმარება და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება გადაწყვიტა, „რაც ხალხთა შორის კავშირებს შეუწყობს ხელს“.
თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მისი კოლეგის საქართველოში ვიზიტი „ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მიღწევას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას“ წარმოადგენს.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ იაპონია საქართველოს „ძლიერი მხარდამჭერი და პარტნიორია“ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობა მოიპოვა. „საქართველოს და იაპონიას ფუნდამენტური ღირებულებები, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებს“, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს და იაპონიას შორის ერთობლივი საინვესტიციო შეთანხმების მომზადება მალე დასრულდება.
თბილისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა. დღესვე, ის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესაც შეხვდება.
4 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობის პროექტის სასესხო შეთანხმებას მოაწერეს ხელი , რომლის ფარგლებშიც, იაპონიის მთავრობა საქართველოს შეღავათიანი სესხის სახით, დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)