აშშ-მა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გამო სირიის დახმარება აკრძალა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებისა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გამო სირია იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებსაც აშშ-ის დახმარების მიღება ეკრძალებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი სიმბოლურია, ვინაიდან დამასკო აშშ-ის პირდაპირ დახმარებას არ იღებს, ამგვარი ქმედება იმის მაჩვენებელია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც ქვეყნის მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას კრძალავს, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.
2017 წლის და 2018 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტების თანახმად, გამოყოფილი თანხები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
5 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ „მსგავსი ჩანაწერების გაკეთება აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში და მისი პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების თვალსაზრისით“ და „არის მკაფიო გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური ნორმის დაცვა, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი და მას პატივი უნდა სცეს ყველამ“.
მანამდე, ასევე 2018 წელს, ანალოგიური შეზღუდვები ნაურუს და ვენესუელას ცენტრალურ ხელისუფლებას, 2017 წელს კი ნიკარაგუას დაუწესდა.
ამ დროისთვის, სირიასთან ერთად, ორი რეგიონის დამოუკიდებლობას რუსეთი, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)