საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში 46 განაცხადი შევიდა
პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) კანდიდატების დასარეგისტრირებლად განაცხადების შეტანის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა. საერთო ჯამში, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 46-მა პირმა გამოხატა.
ცესკოს ინფორმაციით, 46-დან 20 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო დანარჩენი 26 დამოუკიდებელი კანდიდატია, რომლებიც საინიციატივო ჯგუფებმა დაასახელეს.
კანდიდატებს შორის ყველაზე ცნობილები არიან დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოდან, დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობიდან, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციური კოალიციიდან, ასევე თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
საპრეზიდენტო კანდიდატებს შორისაა დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის მხარდაჭერით ისარგებლებს.
დანარჩენ კანდიდატებს შორის ასევე არიან გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს ყოფილი საპარლამენტო მდივანი, გიორგი ლილუაშვილი პარტია – საქართველო, რეჟისორი გიორგი შენგელაია და მიხეილ სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”.
ცესკომ ექვსი განმცხადებელი კანდიდატად უკვე დაარეგისტრირა. რეგისტრაციის პროცესს საარჩევნო ადმინისტრაცია 28 სექტემბერს დაასრულებს.
ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 29 აგვისტოს დაიწყო, რის შედეგადაც მონაწილეებს რიგი სამართლებრივი ვალდებულებები დაეკისრათ, მათ შორს შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. This post is also available in:
English (ინგლისური) Русский (რუსული)