განათლების მინისტრის ორი მოადგილე და უწყების რამდენიმე სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მისი ორი მოადგილე და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე „განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის არსებითი ზრდა, კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა“ და „თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება“ უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. მანვე აღნიშნა, რომ „ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება“. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროში თანამდებობა მინისტრის ორმა მოადგილემ – თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა დატოვა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, დაკავებული პოსტებიდან ასევე გათავისუფლდნენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი – თამარ სანიკიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი – მაია მიმინოშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი – გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი – მანანა მიქაბერიძე.

მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე სისტემაში არსებულ სხვადასხვა დარღვევას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, „იმისთვის, რომ დავიწყოთ რეფორმების სწრაფად განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები“. „დღევანდელი საკადრო ცვლილებები არის მხოლოდ ნაწილი და ვფიქრობთ, რომ რეფორმისთვის უნდა მოვემზადოთ საფუძვლიანად. ახალმა გუნდმა, ახალი ხედვით და მეტი ენერგიით უნდა შეძლოს ამ რეფორმების განხორციელება“, – აღნიშნა მანვე.

ლია გიგაურს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკავა, თემურ მურღულია კი, ამ პოსტზე 2016 წლიდან მუშაობდა. თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად 2016 წლის ივნისში დაინიშნა, მანამდე მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი ეკავა.

რაც შეეხება გიორგი მაჩაბელს, ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. მანანა მიქაბერიძე კი, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს 2017 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა.

სისტემაში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილს ჰქონდა. ის ამ პოსტზე 2002 წელს დაინიშნა და 2007 წლამდე ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. 2007 წელს ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 2008 წლიდან კი, კვლავ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 28 მაისს განათლების მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტიდან სამინისტროს პოლიტიკასა და მიმინოშვილის „პირად პოზიციას“ შორის „პრინციპული შეუთავსებლობის“ მოტივით გაათავისუფლა. 2012 წელს საპარალმენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ის თანამდებობაზე კვლავ აღადგინეს და დღემდე ცენტრის დირექტორის ფუნქციას ასრულებდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)