საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე იმსჯელეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 10 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით უკრაინას სტუმრობდა, სადაც მის უკრაინელ კოლეგას, არსენ ავაკოვს შეხვდა. მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე უკრაინული და ქართული მხარეები ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შემნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორი ქვეყნის კრიმინალურ დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას დაეხმარება და კრიმინალური ავტორიტეტების და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლას უზრუნველყოფს.
ამავე სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, გავრცელებული ინფორმაციით, ცალკე სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და უკრაინის მონაწილეობით.
მინისტრი გახარია მის უკრაინელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზეც ესაუბრა, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფებებში წევრობისთვის და ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ თანამშრომლობისთვის ან მათი დახმარებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გახარიამ უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა და მას „ევროპაში საუკეთესო“ უწოდა. „ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ოფიცერი, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ“, – განაცხადა მან. მხარეებმა საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)