ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში საქმიანობას შეუდგა
ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი 12 სექტემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და რწმუნებათა სიგელები გადასცა. შვედი დიპლომატი, ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. მან ამ პოსტზე იანოშ ჰერმანი შეცვალა, რომელიც ელჩის თანამდებობაზე 2014 წლიდან მსახურობდა.
მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ მას და პრეზიდენტს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მსგავსი შეხედულებები აქვთ და რომ უკვე არსებული შესანიშნავი ურთიერთობის შემდგომი განვითარებაა საჭირო.
თბილისში დანიშვნამდე, კარლ ჰარცელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის უფროსი მრჩეველი იყო. მანამდე ის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი იყო.
თავის ახალ რანგში, ელჩი ჰარცელი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ასევე თანამშრომლობის საკითხებში. ის ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს წარმოადგენს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს უწყობს ხელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)