ისრაელის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას გააღრმავებენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა – ლევან იზორიამ და ავიგდორ ლიბერმანმა 12 სექტემბერს განაცხადეს.

შესაბამის დეკლარაციას მინისტრებმა თბილისში, ისრაელის თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

ლევან იზორიას თქმით, ისრაელი კვლავ დაეხმარება საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის, სამხედრო რეზერვის და კიბერუსაფრთხოების სფეროებში გამოცდილების გაზიარების გზით.

შეხვედრის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით, ავიგდორ ლიბერმანი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)