IPRM-ის შეხვედრა ცხინვალის მონაწილეებმა დატოვეს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა ერგნეთში დღეს მას შემდეგ შეწყდა, რაც ის ცხინვალის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოსური მხარის პროტესტის მიზეზი ინტერპოლის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება გახდა.
ცხინვალის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის წინააღდეგ წაყენებული ბრალდებები „გამოგონილია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლების „დესტრუქციული პოზიციის“ მაჩვენებელია.
კოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ მათ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის საქმეების დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც IPRM-ის შეხვედრებზე თბილისს წარმოადგენს, განაცხადა, რომ „IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მსგავსი მოთხოვნები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება“.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ „გახსნითი სიტყვის შემდეგ, წინასწარი დღის წესრიგის შესახებ, სხვადასხვა მონაწილეთა მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა, რის გამოც, მონაწილეებმა დისკუსიის გაგრძელება ვერ შეძლეს“. მისიამ ასევე აღნიშნა, რომ „თანათავმჯდომარეები განაგრძობენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები უმოკლეს ვადებში, ყველა მონაწილის მიერ შეთანხმებულ დღეს განახლდეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)