შსს „ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმას იძიებს

ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორს ზურა ვარდიაშვილს 15 სექტემბერს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში დაუდგენელი პირების ჯგუფი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ვარდიაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ ის მანქანას ყიდდა, მობილურზე დაურეკეს და შეხვედრა დაუთქვეს. როგორც კი ვარდიაშვილი იმ ავტოსახელოსნოსთან მივიდა, სადაც მანქანა ჰყავდა დატოვებული, მას თავს დაესხნენ.

ვარდიაშვილმა ინფორმაცია 17 სექტემბერს გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ თავდასხმას წინ მუქარა არ უძღოდა. მისი თქმით, მისთვის თავდასხმის მიზეზი უცნობია. მანვე დასძინა, რომ „ლიბერალი“ უამრავ საკითხს აშუქებს, თუმცა ბოლო დროს არც პოლიტიკოსებთან და არც ბიზნესის წარმომადგენლებთან რაიმე კონკრეტულ საკითხზე კონფლიქტი არ ჰქონია.

„შესაძლოა, ეს იყო, უბრალოდ, თავისუფალი მედიის დაშინების მცდელობა, არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტული ინტერესი იყოს გადაკვეთილი“, – განუცხადა ვარდიაშვილმა Civil.ge-ს და დასძინა, რომ „ვიღაცებმა შედეგს მიაღწიეს“.

მანამდე ვარდიაშვილმა განაცხადა, რომ გამომძიებლების ვარაუდით ის, შესაძლოა, უბრალოდ სხვაში შეეშალათ. თუმცა, Civil.ge-ს საუბრისას, მან ამგვარი შესაძლებლობა გამორიცხა.

„მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვიღაცაში შვეშალე. როგორ შევეშალე? მათ ჩემი ნომერი იცოდნენ, ისიც იცოდნენ რომ მანქანას ვყიდდი და ამ ვერსიით დამიკავშირდნენ. იცოდნენ სახეზე როგორ გამოვიყურებოდი, იმიტომ რომ იქ რამდენიმე ადამიანი ვიდექით და თავს მაინდამაინც მე დამესხნენ. ანუ იცოდნენ, ვის ესხმოდნენ თავს. თან ისედაც საკმაოდ ორგანიზებული ჯგუფი ჩანდა, იმისთვის, რომ არ სცოდნოდათ, ვის ესხმოდნენ თავს“, – განაცხადა „ლიბერალის“ რედაქტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ თავდასხმელების ვინაობა უკვე დაადგინა და უახლოეს დღეებში მათ და მოწმეებს დაკითხავს.

მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ვარდიაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს და პოლიციას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)