ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ახალი მეთაური ჰყავს
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 18 სექტემბერს ვალერი ბგანბა რეგიონის 12-წევრიანი მთავრობის მეთაურად დანიშნა. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გენადი გაგულია, რომელიც მთავრობის მეთაურად 2018 წლის აპრილიდან მსახურობდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
რეგიონის მთავრობის წევრებისთვის ახალი მეთაურის წარდგენისას, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „არსებულ ვითარებას სწრაფი და რადიკალური ნაბიჯები ესაჭიროება“.
„ვალერი ბგანბას ყველა იცნობს და ეჭვიც არ მეპარება, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება გამოყენებული იქნება ბიუჯეტის ფორმირებაში, რომელიც საჭირო დროს უნდა წარედგინოს პარლამენტს, ასევე საინვესტიციო პროგრამის განხორციელების თაობაზე რუსულ მხარესთან თანამშრომლობის საკითხებში“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ვალერი ბგანბას ბიოგრაფია
ვალერი ბგანბა, რომელიც 1948 წელს გაგრაში დაიბადა, 2007-2017 წლებში ის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო. 2012-2017 წლებში მას პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ეკავა. 2002-2006 წლებში ბგანბა გაგრის აფხაზურ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
2014 წლის ივნისში, როდესაც სოხუმში მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, რეგიონის მაშინდელმა ლიდერმა, ალექსანდრე ანქვაბმა თანამდებობა დატოვა, ვალერი ბგანბა ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
თავის რანგში, ბგანბამ „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ დაავალა, რომ გალის რაიონის იმ მცხოვრებლების სია შეედგინა, რომელთა აფხაზური პასპორტებიც „უკანონოდ“ იქნა მიჩნეული და ეს სია ამომრჩეველთა სიიდან მათი ამოღების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის წარედგინა. შედეგად, რეგიონში დარჩენილ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას (დაახლოებით 23 000 ამომრჩეველს) ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.
This post is also available in: English (ინგლისური)