გადამზიდავები ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვას აპროტესტებენ

ხორბლის იმპორტიორები ფინანსთა სამინისტროს მიერ ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების გაუქმებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით, თბილისში გადამზიდავების აქცია ორი დღეა მიმდინარეობს. დღეს ისინი ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეიკრიბნენ და საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. მათი განმარტებით, ბიზნესით დაინტერესებულმა სუბიექტებმა მთავრობაში „მეგობრები“ მონახეს და კანონი „დაუპირისპირეს“.

იმპორტიორების განმარტებით, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებითა და მომსახურებაზე ფასების მატებით, ხელისუფლება მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, თუმცა „არაფერი გამოუვიდათ“. საბოლოოდ კი, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.

„ეს არ არის დემოკრატია, აქ თავისუფალი კონკურენცია აღარ არის“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციის მონაწილეების განმარტებით, მთავრობა მიზეზად გამშვებ პუნქტებზე ტურისტებისთვის შექმნილ დისკომფორტს და იმპორტიორების მიერ უხარისხო ხორბლის შემოტანას ასახელებს. „თუ უხარისხო ხორბალი შემოგვაქვს, რატომ გვიშვებდნენ უხარისხო ხორბლით საქართველოში?“, – აცხადებენ ისინი.

იმპორტიორების განმარტებით, ხორბლის გადაზიდვის საქმეში დაახლოებით 3 000-მდე ადამიანია ჩართული, რომელთა უკან საბანკო ვალდებულებები და ოჯახები დგას. „ხვალ საღამომდე ვაძლევთ ვადას [ხელისუფლებას], თუ არადა, მთელ საქართველოს მოედება ეს აქციები…მინისტრის ბრძანება უნდა გაუქმდეს“, – განაცხადეს აქციაზე.

გადამზიდავების განმარტებით, მათ ხორბალი საქართველოს ტერიტორიაზე ავტომანქანებით რუსეთიდან შემოაქვთ. მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე კი, მათ საქმიანობა ეზღუდებათ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისის მდგომარეობით, ხორბალს ქვეყნის მთლიანი იმპორტის 1.2 % ეკავა (62.4 მილიონი აშშ დოლარი).

ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმ ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო და მიზეზად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან არსებული რიგები დაასახელა და ქვეყანაში შემომავალი ტურისტისებისთვის შექმნილი დისკომფორტი დაასახელა. „უამრავი ადამიანი თავის ახლობლებს და მეგობრებს რეკომენდაციას უწევდნენ, რომ არ წასულიყვნენ საქართველოს მიმართულებთ. შესაბამისად, ამის დაშვება და ამასთან შეგუება შეუძლებელი იყო და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეზღუდა სატვირთო მანქანებით ხორბლის შემოტანა“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის შესაბამისი ბრძანება მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გამოიცა. ბრძანების მიხედვით, ხორბლის ან ხორბლის-ჭვავის ფქვილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით არის შესაძლებელი.

ბრძანება ძალაში 15 სექტემბერს უნდა შესულიყო, თუმცა იმპორტიორების პროტესტის ფონზე, ბრძანების ამოქმედების ვადამ 1 ოქტომბრამდე გადაიწია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)