შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური პოლიციის რეფორმას იწყებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 სექტემბერს უწყებაში დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიცია საგამოძიებო, ოპერატიულ და საუბნო მიმართულებებად დაიყოფა. მისივე თქმით, რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა.

„ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ სამინისტროს საგამოძიებო კომპონენტის რეფორმა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურში მიღების ახალი წესი დამტკიცდა, რომლის მიზანიც უწყებაში ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობაა.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა იყოს „რუტინული“ სამუშაო ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, არამედ ის უნდა გახდეს მიმზიდველი შესაძლებლობა მათი პროფესიონალური ზრდისთვის. „არავის არსად არ გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, შიდა გრადაცია მოხდება, საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე“, – განმარტა მინისტრმა.

მან გამომძიებლების კვალიფიკაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, შსს-ს გამომძიებლები მთლიანად პროკურორებზე იყვნენ დამოკიდებულები. მინისტრმა გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის თანხვედრაზე და უფლებების გადანაწილებაზეც გაამახვილა ყურადღება.

გახარიას თქმით, საგამოძიებო ნაწილი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან უნდა შედგებოდეს, რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის საქმიანობას ოპერატიული და მართლწესრიგის ოფიცრების მონაწილეობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა პირველად თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდება. კერძოდ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე.

ასევე, შეიქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)