საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 სექტემბერს ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ის კონგრესისთვის 2017 წელს არსებულ გლობალურ კონტრტერორისტულ გარემოს აფასებს.
დოკუმენტში საქართველო მოხსენიებულია, როგორც „ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი“, რომელიც „განაგრძობს ძლიერ ჩართულობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ „უამრავ ორმხრივ სამხედრო წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება“.
„საქართველოს მთავრობას, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების საკითხს კურირებს, „კარგად აღჭურვილი და მომზადებულია“.
ანგარიშის თანახმად, „საქართველომ 2017 წელს განაგრძო კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერება“ და მიიღო კანონმდებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების გამოყენების რეფორმირებისა და მართვის ზედამხედველობის გაზრდის მიზნით.
ქვეყანა „აქტიურადაა ჩართული“ კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეებზე, მათ შორის, ნატოსთან, ევროკავშირთან, ევროპოლთან და რიგ ევროპულ ქვეყნებთან.
ანგარიშის თანახმად, 2017 წლის მაისში აშშ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება სადაზვერვო ინფორმაციის ორმხრივი გაცვლის შესახებ „გააძლიერებს კონტრტერორისტულ თანამშრომლობას და გაზრდის საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს წევრ სახელმწიფოებთან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)