სახმელეთო გზით ხორბლის იმპორტზე აკრძალვა ერთი წლით გადაიდო
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის 20 სექტემბრის განაცხადებით, სახმელეთო გზით ხორბლის იმპორტზე აკრძალვის შესახებ მისი გადაწყვეტილების ამოქმედება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიდო.
ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვის გადაწყვეტილებას გადამზიდავების პროტესტი მოჰყვა. მათ მინისტრის შესაბამისი ბრძანების გაუქმების მოთხოვნით თბილისში რამდენიმედღიანი აქციები გამართეს. 20 სექტემბერს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე თავის დაწვითაც იმუქრებოდა, თუ ფინანსთა მინისტრი მას არ შეხვდებოდა.
მასთან შეხვედრის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მთავრობამ მძღოლების მდგომარეობა მხედველობაში მიიღო და აკრძალვა ერთი წლით გადადო.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო ამის მერე, მომავალი შეზღუდვა, იქნება ეს სეზონური, თუ სხვა ტიპის, ერთად გავიაროთ მძღოლებთან. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)