PACE: წინასაარჩევნო გარემო სათანადოა, თუმცა გაუმჯობესებას საჭიროებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ხუთწევრიანი დელეგაცია 19-20 სექტემბერს საქართველოს სტუმრობდა და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
დელეგაციამ, რომელსაც გერმანელი დეპუტატი ანჯეი ჰუნკო ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ „ზოგადი გარემო სათანადოა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, თუმცა „გაუმჯობესებას საჭიროებს“ და არჩევნებამდე დარჩენილი დრო სწორედ ამ გაუმჯობესების მისაღწევად უნდა იქნას გამოყენებული.
PACE-ის დელეგაციამ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, რომ ხელი შეუწყონ ნამდვილად დემოკრატიული საარჩევნო კამპანიის განხორციელებას ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე, არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი საარჩევნო კამპანიის დროს და უზრუნველყონ ყველა კანდიდატის დაფინანსების სრული გამჭვირვალობა.
PACE-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თანამოსაუბრეებმა დელეგაციის წევრებს აცნობეს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო პოლარიზებულია და რომ ადგილი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას და კანდიდატებზე პირად თავდასხმებს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, ასევე სოციალურ მედიაში.
დამკვირვებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ამგვარ თავდასხმებს ბოლო მოეღება და მედიასაშუალებებს მოუწოდეს, რომ სანაცვლოდ, კანდიდატების პოლიტიკურ პროგრამებზე გაამახვილონ ყურადღება და მათთვის დაბალანსებული წარმომადგენლობა უზრუნველყონ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი კანდიდატია წარმოდგენილი.
დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პროფესიონალურად იმუშავა და არჩევნები კარგად მოამზადა“. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, სერიოზულადაა გასათვალისწინებელი ნეპოტიზმთან დაკავშირებული კრიტიკა ქვედა დონეების საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევასთან დაკავშირებით.
თბილისში PACE-ის დელეგაცია შინაგან საქმეთა მინისტრს, ცესკოს თავმჯდომარეს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადობისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და უცხოელ დიპლომატებს შეხვდა.
საპრეზიდენტო არჩევნების დღეზე დასაკვირვებლად PACE საქართველოში 33 წევრიან დელეგაციას გამოაგზავნის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)