ტყიბულის მუშების გაფიცვა – 1918 წლის სექტემბერი
გაზეთი “ერთობა”, N201, 20 სექტემბერი, 1918
ტყიბულის მუშების გაფიცვა
როგორც იტყობინებიან, ტყიბულის ქვანახშირის მაღაროების მუშები კვლავ გაფიცულან და საქათველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის ახალი მოთხოვნები წამოუყენებიათ.
ასეთივე გაფიცვა მოახდინეს მათ, თუ არ ვცდებით, ამ ერთი თვის წინათ და მთავრობამ რამდენათაც კი შეეძლო დააკმაყოფილა მათი დროის და გარემოების შეუფერებელი ეკონომიური მოთხოვნები.
დღეს ისინი ხელ-ახლათ გაფიცულან და მეტად შეუსაბამო მოთხოვნები წამოუყენებიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელფასის მომატებასთან ერთად მოითხოვენ სხვადასხვა საგნების ნატურით გადახდას, რაიც მთელ რესპუბლიკაში მეტათ ძნელი საშოვარია.
ჩვენ არას ვიტყვით ხელფასის უზომო რაოდენობაზე, ვინაიდან ყველასთვის ცხადია, რომ თვით ტყიბულის ქვანახშირის წარმოება ხარჯებს ვერ ფარავს და მუშების ხელფასის გასტუმრება რესპუბლიკის ხაზინიდან უნდა მოხდეს.
როცა ესა თუ ის წარმოება თავის ხარჯებს ვერ ფარავს და მუშების ზედმეტი ხელფასი სახელმწიფო კასიდან უნდა გაისტუმროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყიბულის მუშები სახელმწიფოს პენსიონერები, ინვალიდები ხდებიან და ისინი საზოგადოების ხარჯზე უნდა იკვებებოდნენ.
ამ შემთხვევაში ისინი დანარჩენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით მუშებს პირიდან ლუკმას სტაცებენ. შემოსავალი, რომელიც საზოგადოთ მცხოვრებთა მოთხოვნილების თანასწორ დაკმაყოფილებას უნდა მოხმარდეს, მათ მიაქვთ. ჩნდებიან პრივილეგირებული მუშები, მუშების არისტოკრატია, რომლებიც დანარჩენი მუშების ხარჯზე ცდილობენ თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს სხვისი ნაშრომის მითვისებაა.
როცა კერძო წარმოება საწარმოვო ხარჯებს ვერ ფარავს მაშინ მწარმოებელი, – ფაბრიკა-ქარხნის პატრონი, თავისი წარმოების ლიკვიდაციას ახდენს, წარმოებას ხურავს. შეგნებული მუშათა კლასი დამქირავებელს ჩვეულებრივ, თავის მიერ შექმნილ ზედმეტ ღირებულებას ედავება და ამ ნიადაგზე ჩაღდება ეკონომიური ბრძოლა, მაგრამ როცა ის ამ ჩარჩოებს შორდება და წარმოების შეუფერებელ მოთხოვნებს აყენებს, ასეთ მუშებს, ფრიდრიხ ენგელსი სამართლიანად უწოდებდა მუშათა კლასის მოღალატეებს.
მაგრამ ამ შემთხვევაში ტყიბულის მუშების მდგომარეობა და მათი თავხედობა იმით არის სავალალო და გასაკიცხი, რომ ისინი კერძო კაპიტალისტების მიერ კი არ არიან დაქირავებულნი, არამედ – სახელმწიფოს მიერ; ისინი სახელმწიფოს წარმოებაში მუშაობენ. მათ ეტყობა, იმის იმედი აქვთ, მთავრობა აქ თუ ზარალობს და მუშების ზედმეტ მოთხოვნებს ტყიბულის წარმოებიდან ვერ აკმაყოფილებს, შეუძლიან სახელმწიფო კასიდან მისცეს და ამ გზით დააკმაყოფილოს მათი პრივლეგიური მოთხოვნები.
ნუ თუ ტყიბულის მუშებმა არ იციან, რომ სახელმწიფოს ხალხიდან აღებული ქონება აქვს და თავის კასაში მოგროვილი და აქედან მოკლებული ხახს უნდა მოაკლდეს? მერე რა სამართალია, რომ მოქალაქემ ამ საერთო სიდუხჭირის ხანაში კიდევ უნდა მოიკლოს რამე და ტყიბულის მუშებს კი ზედმეტი ხელფასი, ზედმეტი შაქარი, პური და სხვა ასეთები მისცეს.
საერთო ხარჯზე ტყიბულის მუშების კაპრიზების დაკმაყოფილება ხალხის წინაშე ღალატია და ამას არ იზამს არც ერთი დემოკრატიული მთავრობა.
თუ ტყიბულის მუშები თავისას არ იშლიან, მაინც მოთხოვნებს აყენებენ და იფიცებიან, ეს სწორეთ იმიტომ, რომ მათ ეტყობა კარგათ იციან, თუ რა არის დღეს, ნავთის უქონლობის ხანაში ქვა ნახშირი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისათვის. მათ ჩვენ ხალხს სუსტი ადგილი მოუნახეს – აიღეს და გაიფიცნენ. ამით სურთ იძულებული გაგვხადონ მათი სრულიად უსამართლო მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.
მაგრამ მათი ასეთი მოქმედება სასიკვდილოთ ემუქრება ჩვენს ისედაც მინგრეულ-მონგრეულ ცხოვრებას, ჩვენს ეკონომიურს და კულტურულ კეთილდღეობას.
ეს გაფიცვა ისეთი ტერორია, ეს ისეთი თავდასცხმაა, რომელსაც ვერ შეურიგდება ვერც მუშათა კლასი და ვერც შეგნებული დემოკრატია. ან ვინ შეურიგდება, როცა ტყიბულის გაფიცვის მეოხებით მთელი ჩვენი მიმოსვლის მთავარი საშუალება უნდა შეჩერდეს და ამასთან ერთად, უნდა შეჩერდეს მასთან მჭიდროდ შეკავშირებული მთელი ჩვენი ეკონომიური არსებობა.
ეს ისეთი ანარქიაა, რომლის მზგავსი არ გვინახავს და რომელიც შინაურ და გარეშე მტერს საშვალებას აძლევს თავი წამოყონ, ანარქიის მძვინვარებაზე შექმნან ის, რაც მათთვის ხელსაყრელი და სახეიროა. მტრების ასეთ თავგასულობას ვერ შეურიგდება შეგნებული დემოკრატია და მათ აღვირ წახსნილობას ყოველ მხრივ შეებრძოლება. ხალხი და შეგნებული დემოკრატია ტყიბულის მუშებს ყელს არ გამოაჭრევინებს, ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებას არ დაანგრევიებს. მას შესწევს იმდენი ძალა და უნარი, რომ თავი გაინთავისუფლოს ტყიბულის პრივილეგიურ-არისტოკრატიულ მუშებისაგან და ქვანახშირის წარმოება ჩვეულებრივ პირობებში ჩააყენოს. ტყიბულის მუშებს ჩვენი ცხოვრების სასიკვდილო განაჩენს ვერ გამოვატანინებთ, წარმოებაში შეგნებული და შრომის მოყვარე ხალხი ჩადგება. ეს უნდა იცოდენ ტყიბულის მუშებმა და ნურას უკაცრავათ, თუ მათ კაპრიზებს არ შევწირავთ მთელი ხალხის ფიზიკურ და კულტურულ არსებობას.