პარლამენტის თავმჯდომარე ნაციონალურ მოძრაობას „პროვოკაციებსა და დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას შეუტია და განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „პარტიული მედიის“ გამოყენების გზით, მიზნად საარჩევნო გარემოს დესტაბილიზაციას ისახავს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი პარტიის სურვილია, რომ ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია იმართებოდეს, სადაც კანდიდატები საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ და ამომრჩევლებს საკუთარ პრიორიტეტებს გააცნობენ, თუმცა ოპოზიციის კამპანია აგებულია „იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფაზე და პროვოკაციებზე“. „ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ახალი პრეზიდენტი „პოლიტიკურად ნეიტრალური“ უნდა იყოს და „არ ემსახურებოდეს არცერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს“.
კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც ოპოზიციური კანდიდატის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ მხარდამჭერთა სიებში ზოგიერთი ადამიანი გარდაცვლილი აღმოჩნდა. მან ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერთა „გაყალბებული სიების“ წარდგენაში დაადანაშაულა, რაც არის „სისხლის სამართლის დანაშაული“. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „ფიქტიურ ბლოკებს“ იყენებს დამატებითი დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის მისაღებად, რაც, მისი თქმით, „მანიპულირებაა“.
კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის „პროვოკაციებზეც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ მმართველმა პარტიამ უცხოელ დიპლომატებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
„რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობას, ის კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრის პასუხს ქართველი ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში, რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით“, – განაცხადა კობახიძემ და ნაციონალური მოძრაობა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის რეაგირება
პარტია ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიის ხელმძღვანელია, ქართული ოცნება „ანტისახელმწიფოებრივ ნარატივში“, მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში, მედიაზე თავდასხმაში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა. მან კობახიძეს და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს საჯარო პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)