ვანო მერაბიშვილის ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატები მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მისთვის სათანადო გამოკვლევების ჩატარებასა და მკურნალობის კურსის დანიშვნას ითხოვენ.
მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა ადვოკატებმა 23 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გადაცემა P.S.-ში ისაუბრეს. მათი განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში, მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოკვლევებზე რამდენჯერმე გადაიყვანეს. თუმცა, ინტენსიურმა მკურნალობის კურსმა შედეგი ვერ გამოიღო და მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მათი განმარტებით, ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი დაუდგინდა, რაც მძიმე დაავადებებით არის გამოწვეული. ისინი ყოფილი პრემიერის მოწამვლის ვერსიასაც განიხილავენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 24 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალური განცხადებით უპასუხა. სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციას არ დაადასტურა და განმარტა, რომ მას დიაგნოზის საფუძველზე, „შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს“.
პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილისთვის დასმული დიაგნოზიც გაასაჯაროვა და ეს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესითა“ და „ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების“ მოტივით ახსნა.
პენიტენციური სამსახურის ამ გადაწყვეტილებას 8 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებით დღეს გამოეხმაურა და მსჯავრდებულის დიაგნოზის მისი ნებართვის გარეშე გასაჯაროება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასეს.
არასამთავრობოები პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მერაბიშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების საკითხზე რეაგირებისკენ, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს კი, მსჯავრდებულისთვის შესაბამისი გამოკვლევა-მკურნალობის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ადვოკატების განცხადების შემდეგ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რა განსხვავებაა ვანო მერაბიშვილის ხელისუფლების დროს არსებულ და ახლანდელ სასჯელაღსრულების სისტემას შორის. მისივე განმარტებით, მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს „იმისათვის, რომ ნებისმიერი პატიმარი, მათ შორის, ვანო მერაბიშვილიც სარგებლობდეს იმ სამედიცინო სტანდარტით, რაც გარანტირებულია ყველა მოქალაქისთვის“.
მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია და პარტია ევროპული საქართველო. „იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ბოლო კეთილ საქმედ, შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი“, – განაცხადა ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა მამუკა გამყრელიძემ.
ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისა და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემაც.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2017 წლის 28 ნოემბერის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით გამოყენებულ იქნა სხვა საქმეების თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად.
- ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).
პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კახიძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში ჩასვა. „მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას რომ ნუ დაელოდება მინისტრთა კომიტეტის ამ სხდომას, თავად გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისი ბოლოს დააკავეს, საქალაქო სასამართლომ ის რამდენიმე საქმეზე, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში დამნაშავედ ცნო და ის სასჯელს 2014 წლის ოქტომბრიდან იხდის. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წელს ეწურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)