მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშში საქართველო მეშვიდე ადგილზეა
ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, 162 ქვეყანას შორის, მე-7 ადგილი უკავია. ანგარიში 25 სექტემბერს გამოქვეყნდა და მასში 2016 წლის პერიოდია შეფასებული.
ანგარიში ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ხუთ ძირითად სფეროში აფასებს. ესენია: მთავრობის დანახარჯი, სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები, სტაბილური ფული, ვაჭრობის თავისუფლება საერთაშორისო დონეზე და რეგულირება.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ჰონგ-კონგის, სინგაპურის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის, ირლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მოდის და მისი საერთო ქულა 8.2-ია (10-დან). 2015 წელს ამავე რეიტინგში ქვეყანას 7.98 ქულით მე-9 ადგილი ეკავა.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე Twitter-ზე ქვეყნის პროგრესს მიესალმა და აღნიშნა, რომ „პოზიტიური შედეგები ხაზს უსვამს ამბიციური რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას, რაც ბიზნესსექტორს რეალურ სარგებელს მოუტანს“.
ფრეიზერის ინსტიტუტი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ყოველწლიურ ანგარიშს ეკონომიკური თავისუფლების ქსელთან თანამშრომლობით აქვეყნებს. თბილისში მდებარე ანალიტიკური ცენტრი – ახალი ეკონომიკური სკოლა ქსელის წარმომადგენელია საქართველოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)