პოლიტიკური პარტიები ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს აფასებენ
პოლიტიკური პარტიები „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ეხმაურებიან, სადაც ის ქართული ოცნების ხელმძღვანელობას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ფულის გამოძალვაში, რეკეტსა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.
მმართველი გუნდის შეფასებები
მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობაზე გამარჯვების 6 წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლური შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე და ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებზე ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
მამუკა ბახტაძე – პრემიერ-მინისტრი: „ჩემი რეაქცია არის ძალიან მარტივი. აღნიშნული განცხადება შევა კიდევ ერთი ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ…ანეკდოტურია, ღიმილის მომგვრელია ჩემთვის ეს განცხადება…მე რომ ეს წავიკითხე, ეს ჩემთვის იყო ღიმილისმომგვრელი ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს, რომ გადაიხადოს…მე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოში არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები, არის კანონის უზენაესობა, გამოძიება არსებობს, არსებობს სასამართლო და ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს ნათლად შეაფასებს…რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, ამ შემთხვევაში, თუ ადამიანს რამე ფაქტები აქვს, ვგულისხმობ ბატონ ოქუაშვილს, მან ეს ერთ პაკეტად უნდა შეკრას და თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს, ასე ხდება როდესაც ცივილურად არის საუბარი და ადამიანის უფლებების დაცვაა“.
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ჩვენ გვესმის მუდმივად აბსოლუტურად გაუგებარი ჩანაწერები, ბატონი ოქუაშვილის მხრიდან გავრცელებული, როგორც ჩანს ის ყველაფერს იწერდა, მას ჰქონია შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მან თქვა, თუმცა იქ როგორც ჩანს ჩაწერა არ განუხორციელებია…ზაზა ოქუაშვილი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც ქართული ოცნების დახმარებით მოახერხა საკუთარი ბიზნესის დაბრუნება, საკუთარი ტელევიზიის დაბრუნება, ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ სრულიად უანგაროდ. დღეს ეს ადამიანი აკეთებს ასეთ რამეს, სპეკულირებით, აბსოლუტურად ფალსიფიცირებული, გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით, ორი გაუგებარი ადამიანის საუბრის გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას…არ არსებობს არცერთი ფაქტი ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის, შესაბამისად ვერცერთი მტკიცებულება ვერ იქნება ამ კუთხით წარმოდგენილი. ეს არის ოქუაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მას ხელი შეუწყო ნაციონალურმა მოძრაობამ და შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სწორედ ის ძალა, რომელმაც წაართვა ზაზა ოქუაშვილს ბიზნესი და ტელევიზია. ეს არის ნაც მოძრაობის ხელწერა, რუსთავი2-ის ხელწერა, სიყალბე, სიცრუე“.
გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი: „ეს ერთი მსახიობის თეატრი. უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, თუ სერიოზულად გვინდა ვილაპარაკოთ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოისურვებს ბომბეიშიც. თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში ბატონ ოქუაშვილს მოუწევს გადახდა. [ივანიშვილთან] შეხვედრა შედგა, რა თქმა უნდა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი და ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის [ომეგა ჯგუფი] მხარდაჭერა, რომელმაც, როგორც ჩანს დააგროვა ამხელა ვალი ბიუჯეტის წინაშე“.
კახა კალაძე – თბილისის მერი: „გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია იბერიას გამოგონილი საქმე, რომელიც რეალურად სიგარეტის მწარმოებელი ჯგუფის მესვეურთა მიერ ინიცირებული და ნაციონალური მოძრაობის მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი ერთის მხრივ ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და მეორეს მხრივ ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. უსუსური ე.წ. ფარული ჩანაწერებით ქართულ ოცნებას ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი, დაშინება და ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და შესაბამისად ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას“.
ოპოზიციური პარტიების შეფასებები
გრიგოლ ვაშაძე – ძალა ერთობაშია: „გუშინდელმა საღამომ და დღევანდელმა დილამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სახელმწიფო გასულია სამართლებრივი და კონსტიტუციური სფეროდან და ეს ე.წ. ქართული ოცნებისა და ივანიშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი სიცარიელე ინსტიტუციების კანონისა და კონსტიტუციის დასუსტების ხარჯზე, შევსებულია მაფიოზური და კლანური დაჯგუფებით. რაც გუშინ ვნახეთ, არის პირდაპირი გზა, რომელიც მიდის სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ. მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ…ის ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფო გაძლიერებისთვის უნდა ზრუნავდნენ და კანონი დაიცვან, გადაქცეულია მაფიის ფინანსური ინტერესების დაცვისკენ მიმართულ განშტოებად. საქართველოში აუპატიურებენ ბიზნესს, ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ქვეყანა, ფაქტობრივად, იმართება მაფიოზური კლანით, რომელმაც პოლიტიკური პოლიცია შექმნა იმისათვის, რომ გააყალბოს არჩევნები და გაიგრძელოს საქართველოს სათავეში ყოფნა, რასაც საზოგადოება და გაერთიანებული ოპოზიცია არ დაუშვებს“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, სცილდება ყველანაირ ზღვარს და ადასტურებს, რომ დღეს ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, როდესაც სახელმწიფოს მთელი უმაღლესი ხელისუფლება ჩართულია კორუფციაში. უფრო წინაც წავიდა ქართული ოცნება და ახლა, შევარდნაძის კლანურ სისტემაზე წინ დგას არაფორმალური მაფიოზური მართვის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს სახელმწიფოში. ეს ყველაფერი არის უაღრესად საგანგაშო და აყენებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემის საჭიროებას.
ჩვენ ყველამ მოვისმინეთ დღეს ქართული ოცნების პასუხი, რომელმაც დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს და დაკარგა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური უფლებაც კი გააგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების პასუხი, რომელსაც ხათრის გულისთვისაც კი არ უთქვამს, რომ გამოიძიებს ამ საკითხს და დასჯიან დამნაშავეს. საპასუხოდ მოვისმინეთ აგრესია, ტყუილი, თვითკმაყოფილი ტრაბახი იმ მიღწევებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ ვითომდა მოუტანა ქვეყანას, ამ ექვსი წლის განმავლობაში“.
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „ის, რაც წუხელ საზოგადოებამ მოისმინა, ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი. ამ ყველაფერზე ჩვენ წლების წინ მოვახსენებდით მოსახლეობას. დღეს უპრეცედენტო ფაქტი უკვე უშუალოდ ნახა ხალხმა. ქვეყნის დეფაქტო მეთაური, სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი როგორ სძალავს პირადად მილიონებს კონკრეტულ ბიზნესმენებს, მაგრამ რაც არ ნახა და რაც ჩადენილი აქვს, ამის თაობაზე წინ გველოდება ძალიან საინტერესო გამოძიება“.
დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: „ბოლო დღეებში, ის კრიმინალური ქრონიკა, რასაც ვისმენთ ამ ქრონიკის გადაგორების მცდელობა გადაუხდელი გადასახადებით ან ნაციონალების მიერ ჩადენილი ძალადობით ძველ დროში, ეს არის ამ უფსკრულისკენ გადადგმული ნაბიჯი…წინ არჩევნები და ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების შესაძლებლობაა. ამიტომ, მივმართავ ყველა თავისუფალი ნების და მოქალაქეობრივი ღირსების მქონე ადამიანს, ნუ ჩამოვუშვებთ ხელებს, ნუ გავხდებით პროპაგანდისტული მანქანების მსხვერპლი და ნუ გავხდით საქართველოს მიშა-ბიძინას წესების გარეშე ბრძოლის ასპარეზად…ზუსტად ოთხი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე, მეც და ჩემი გუნდიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნა სწორი გზით წავიდეს და აცდეს ქოცურ ჭაობსაც და ნაციონალურ განუკითხაობასაც“.
ოქუაშვილის განცხადებებს წინ „რუსთავი 2“-ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელება უძღოდა, სადაც, სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ესაუბრება. ჩანაწერები კორუფციის, ოფიციალური პირებისთვის ფულის გადახდის და მმართველი პარტიის დაფინანსების ფარული სქემის შესახებ ბრალდებებს მოიცავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)