1918: რუსული გაზეთები საქართველოს შესახებ

(გაზეთი „ერთობა“, 26 სექტემბერი, 1918, N205)

საქართველოს გარშემო

ბევრს სწერდნენ და კვლავ განაგრძობენ წერას რუსეთის გაზეთებში საქართველოს შესახებ.

პრინციპიალური წერილები, თუ უბრალო ცნობის ხასიათის მასალა რუსეთის გაზეთებში, საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული.

საქართველოს წინააღმდეგ სწერენ ბალშევიკური გაზეთები, სოციალისტ-რევოლიუციონერების თუ სხვა „სოციალისტების“, კადეტების, შავრაზმელების და სხვათა გაზეთები.

ის, რაც კეთდება და იწერება თფილისში საქართველოს წინააღმდეგ, უცვლელად, ხშირად სხვადასხვა „შესწორებებით“ ვრცელდება რუსეთში!

ამიტომ, ეჭვი არაა, იქაური მკითხველი არ იქნება კარგი შეხედულობის საქართველოზე!

ჩვენი ვალია ვებრძოლოთ ყალბი ცნობების გავრცელებას, მაგრამ გულახდილათ უნდა ითქვას, ძნელი იქნება ეს, ვინაიდან მცირეა რიცხვი დამცველთა, მტერი კი მრავალრიცხოვანია.

ეკატერინოდარში გამოდის ცნობილი მონარქისტის შულგინის რედაქტორობით გაზეთი „როსსია“. ამ გაზეთის 28 აგვისტოს ნომერში შემდეგი ცნობაა მოთავსებული ამ სათაურით:

მდგომარეობა ამიერ კავკასიაში.

ფეოდოსია. „ამიერ-კავკასიიდან მოსულთა სიტყვით საქართველოს მთავრობამ თფილისიდან გადაასახლა ქალაქ გარეთ ტიტველ მინდვრათ 360 ათასი ლტოლვილი სომეხი. ხოლერა და შიმშილი თფილისში ძლიერდება. სოციალისტურმა მთავრობამ შემოიღო სიკვდილით სასჯელი „გაძარცვისა, მოკვლისა, კონტრ-რევოლიუციისა, სპეკულიაციისა, და სხ. წინააღდეგ – როგორც ეს სიტყვა-ლიტყვითაა მოყვანილი ბრძანებაში. ეს ბრძანება საუკეთესო იარაღია ქართველ შოვინისტების ხელში ანგარიშის გასასწორებლათ სომხებთან და რუსებთან. ფეოდოსიაში მოვიდნენ ამ დღეებში 200 რუსი ჩინოვნიკები, რომლებისაქართველოს მთავრობას სამსახურიდან დაუთხოვია. ჯამაგირი მათთვის არ მიუციათ. ფოსტის გაქართულება გადადებულ იქნა 15 სექტემბრამდე, მაგრამ ყოველგვარი გასაგზავნ ამანათებზე სავალდებულოა ქართული. საქართველოს მთავრობის მოქმედება პირდაპირ ბალშევიკურია. შესდგა „კონტრ-რევოლიუციის წინააღმდეგ მებრძოლი კომისია“ და სხ., რომელიც არაფრით არ ჩამორჩება საბჭოთა კომისიებს და ძველი რეჟიმის საიდუმლო პოლიციას. ქართული შოვინიზმის შედეგია, რომ სხვა ერები საქართველოში უფლება აყრილნი არიან. რუსი ჩნოვნიკები და აფიცრები წარმოუდგენელ გაჭირვებას და დამცირებას განიცდიან. დაპატიმრებულია გენ. ჯუნკოვსკი. მეტეხის ციხე გავსილია პოლიტიკური ტუსაღებით. ყოფილი რუსი აფიცრები რესტორებში მსახურობენ. ქართველების პოლიტიკა კავკასიელ სომხებისადმი სიძულვილითა და გამცემლობით არის გაჟღენთილი. სქართველომ მიითვისა ამიერ-კავკასიაში დარჩენილი რუსების სახაზინო ქონება, თითქოს რუსებისთვის გადასაცემად. ამგვარი მოქმედება აძლიერებს ერთა შორის სიძულვილს. თფილისში ცეცხლი გაუჩნეს და გადასწვეს რუსების სასურსათო 8 საწყობი. კავკასიის თათრები და სომხები გადაჭრით ადგანან რუსეთის ორიენტაციას. რუსების დამოკიდებულება სომხებისადმი მეგობრულია. სომხეთის ეროვნულ საბჭოში უმცირესობათა უფლება – რუსების და თათრების დაცულია. სრულიად დამოუკიდებელია სომხეთის მთიანი ნაწილი – ყარაბახი“.

ჩვენს მკთხველს კარგათ მოეხსენება რამდენათ შეეფერება ეს ცნობა სინამდვილეს. ამ მხრით არც ჩვენ ვიტყვით რასმე. მკითხველისთვის საინტერესოა იცოდეს, ვინ ავრცელებს ამგვარ ცნობებს, ვისთვის არის ის ხელსაყრელი?

ამის შესახებ მოვილაპარაკებთ შემდეგ წერილში.

 

ვასილი შულგინი (1878-1976) მემარჯვენე მიმართულების რუსი პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელიც მონარქისტული და ნაციონალისტური პოზიციებით გამოირჩეოდა. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს შულგინი „თეთრი მოძრაობის“ იდეოლოგი და დენიკინის მრჩეველიც იყო. 1918 წელს გამოსცემდა გაზეთს „როსსია“, რომელიც რამდენიმე ძირითადი პრინციპის პროპაგანდას ემსახურებოდა, კერძოდ 1) მოკავშირეებისადმი (ანტანტისადმი) ლოიალობას, 2) ერთიანი, დიდი და განუყოფელი რუსეთის იდეასა და 3) სოციალიზმის იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლას. გაზეთი ღიად გამოხატავდა მონარქისტულ პოზიციებსაც, რის გამოც ყუბანის სამხარეო რადამ შულგინს 1918 წლის დეკემბერში მისი გამოცემა შეაწყვეტინა. ამის შემდეგ შულგინმა ახალი გაზეთის „ველიკაია როსსიას“ გამოცემა დაიწყო.