თიბისი ბანკი ოქუაშვილის საქმეში მონაწილეობას უარყოფს
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და ტელეკომპანია იბერიას მფლობელის ზაზა ოქუაშვილის განცხადებები უარყო. ოქუაშვილმა თიბისი ბანკის მფლობელები 2016 წელს თაღლითურ სქემაში დახმარების აღმოჩენაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ფული გადაუხადა.
ხაზარაძემ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ყველაფერი გაკეთდა კანონის შესაბამისად“ და განმარტა, რომ „ტყუილს და ცილისწამებას ყველა უნდა შევეშვათ“. „თუ თქვენ კომპანიას ხსნით თუნდაც 20 წუთით ადრე და თქვენ გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია, რომ გაატანოს თანხა“, – განაცხადა მან.
ხაზარაძის განცხადებას ორი დღით, ადრე წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ოქუაშვილის ინტერვიუ უძღოდა, სადაც მან განაცხადა, რომ ის აიძულეს 4 მილიონი ლარი ოფშორული კომპანიისთვის, შპს „ოლიმპუსისთვის“ გადაერიცხა, რათა შემდეგ „გათეთრებული ფული“ გამოეტანა და ივანიშვილთან დაახლოებული ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გადაეხადა. ამის სანაცვლოდ კი, მისივე თქმით, სახელისუფლებო სტრუქტურები „ომეგა ჯგუფის“ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას დაჰპირდნენ.
ოქუაშვილმა განმარტა, რომ თანხა ხელისუფლების ზეწოლით, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, ბანკმა არასამუშაო საათებში გასცა.
გუშინ, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთმა“ ფოტოასლები გამოაქვეყნა, რომლითაც სავარაუდოდ დასტურდება, რომ შპს „ოლიმპუსის“ დირექტორმა, ალექსანდრე ხაჩიშვილმა თიბისი ბანკში არსებული კომპანიის ანგარიშიდან 2016 წლის 21 აპრილს, 19:22-საათზე, ნაღდი ფულის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 22 აპრილს, 12:25 საათზე 781 ათასი აშშ დოლარი გამოიტანა.
თიბისი ბანკის იურისტმა ეკატერინე ეგუტიამ განაცხადა, რომ შპს „ოლიმპუსი“ არა ოფშორული არამედ ქართული კომპანიაა და რომ მას ანგარიში „ყოველგვარი ნორმების დაცვით“ აქვს გახსნილი. მისივე თქმით, ტყუილია, რომ ტრანზაქცია არასამუშაო საათებში განხორციელდაა, ვინაიდან ბანკი 8 საათამდე მუშაობს.
მან განაცხადა, რომ კონფიდენციალურობის გამო, ამ კონკრეტულ ტრანზაქციაზე ინფორმაციას ვერ გასცემს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია, ბანკში მსგავსი ტრანზაქციები ხორციელდება ყოველდღიურად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)