ნატო-საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში თანამშრომლობაზე იმსჯელეს
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში 3-4 ოქტომბერს გამართული ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართა, მოკავშირეები „უფრო ეფექტური უსაფრთხოების, თავდაცვის ინსტიტუტების და საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის“ კუთხით საქართველოს პროგრესს მიესალმნენ. მათ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც განიხილეს, რაც ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, „ნატოს მოკავშირეებისა და საქართველოს საერთო წუხილს წარმოადგენს“.
„ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ეს არის ის, რასაც როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის სარგებელი მოაქვს. ეს გულისხმობს ერთმანეთის დაცვას, ერთმანეთის მხარდაჭერას, ერთმანეთის დახმარებას, ერთმანეთისგან სწავლას და უსაფრთხოების საერთო გამოწვევებთან ერთად გამკლავებას“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის შემდეგ.
„ნატოს კარი ღია რჩება. დღეს, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გამოიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოსთან „მჭიდრო პარტნიორობას“ აფასებს და რომ ეს მოკავშირეებმა კომისიის სხდომაზე მკაფიოდ გამოხატეს. სტოლტენბერგის თქმით, ნატო „დიდად აფასებს“ საქართველოს წვლილს საერთო უსაფრთხოების საქმეში და ქვეყანასთან „კიდევ უფრო მჭიდროდ მუშაობს, ვიდრე ოდესმე“.
2 ოქტომბერს მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, როდესაც „ის ნატოს სტანდარტებს შეასრულებს“.
„მხოლოდ საქართველოსა და ნატოს 29 მოკავშირეზეა დამოკიდებული, როდის მოხდება ეს. არცერთ სხვა ქვეყანას, მათ შორის, რუსეთს, არ აქვს ამ პროცესში ჩარევის უფლება“, – აღნიშნა მან და აღნიშნა, რომ ქვეყანა „არ იქნება იძულებული, რომ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატოს წევრობას შორის გააკეთოს არჩევანი“.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ბრიუსელში, ის აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისსაც შეხვდა, სადაც მხარეებმა ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებზე და ნატოსთან თავსებადობაზე იმსჯელეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, „განაგრძონ რუსეთის აგრესიის შეკავება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის დახმარებით, და მხარი დაუჭირონ თავდაცვის სფეროში არსებულ ინიციატივებს გრძელვადიანი მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)