ლევან ყიფიანი აუდიოჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ის დადგმულია
სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მედიის საშუალებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში მის თანამონაწილეობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ის ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის იმ გეგმის ნაწილი იყო, რომლითაც ბიზნესმენი მისი ფინანსური ვალდებულებების ჩამოსაწერად, უცხოელი ბიზნესპარტნიორების დარწმუნება უნდოდა, თითქოს ის საქართველოში ხელისუფლების მხრიდან წნეხს განიცდიდა.
„იგი მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, რომ ეს უნდა წასულიყო უცხოეთში, იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მე რომ ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი წარმომავლობა, ოჯახისშვილობა, უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი და დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა მისი ვალდებულებების, დავალიანებების, რომელიც მას გააჩნდა აგრეთვე თავის უცხოელ პარტნიორებთან, გადავადება“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
მისივე განმარტებით, ზაზა ოქუაშვილს „ბიუჯეტის თანხებთან დაკავშრებით“ პრობლემები საქართველოშიც ჰქონდა და „შესაბამისად, ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოშიც“. ამასთან, ყიფიანის თქმით, ბიზნესმენი ჩანაწერის სანაცვლოდ, მას სახელფასო დავალიანების გადახდას დაჰპირდა.
„ეს იყო არ ვიცი ჩემი მხრიდან მიამიტობით, სურვილით, რომ ასე ვთქვათ, დავხმარებოდი ამ კაცს და ვყოფილიყავი, ასე ვთქვათ, მისი მხარდამჭერი, ბოლომდე გვერდზემდგომი. მე გადავწყვიტე ამ თამაშის წესების განხორციელება, მივიღე ეს გამოწვევა – განვახორციელოთ ერთობლივად“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ლევან ყიფიანმა აღნიშნა TBC ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდში მისი თანამონაწილეობაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ „სად წავიდა ეს ფული ჩემთვის უცნობია“. კითხვაზე, რაზე ესაუბრა ის თანხის გატანის დღეს ყოფილ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ტელეფონით რამდენჯერმე, მან განმარტა – „ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კავშირი, პირდაპირი კავშირი, რა თქმა უნდა, ოთარ ფარცხალაძეს მე ვიცნობ, მაქვს ნორმალური ურთიერთობა“.
ლევან ყიფიანმა ყოფილი პროკურორის მხრიდან მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი კატეგორიულად უარყო და ე.წ. სარდაფის ინციდენტს „ფარსი“ უწოდა. „არ ვიცი რა დავარქვა, ეს არის შეურაცხმყოფელი მე, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო. ესეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა მან.
ზაზა ოქუაშვილის პასუხი
ლევან ყიფიანის განცხადებებს ლონდონიდან უპასუხა ზაზა ოქუაშვილმა და ყიფიანის განმარტებას მთავრობის მიერ „დადგმული სპექტაკლი“ უწოდა. მისი ვარაუდით, სპორტის ყოფილმა მინისტრმა განცხადება კიდევ ერთი ზეწოლის შედეგად გააკეთა. „სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ისევ ახლად, ასეთი გამომეტყველება ჰქონდა მას შეშინებული, დათრგუნული“, – განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, ის ჩანაწერებს ექსპერტიზაზე საფრანგეთში გააგზავნის და ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს სწორედ საფრანგეთში შეიტანს. „ჩვენი ბატონი მთავარი მძარცველი ქვეყნის არის საფრანგეთის მოქალაქე და ვფიქრობთ, რომ ასე ვთქვათ იქნება მის მოქალაქეში ისინიც გაერკვიონ, რა ხდება, რა ფულის გათეთრებას ჩადის, რა გამოძალვას რა ყაჩაღობას“, – განაცხადა მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.
პოლიტიკური შეფასებები
ლევან ყიფიანის განმარტებებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოქუაშვილის მხრიდან ადგილი აქვს „დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან“. „უნდა გამოიკითხოს ბატონი ოქუაშვილი, ბოლომდე უნდა მოხდეს გამოძება იმ საკითხების, რაზეც მოვისმინეთ ასეთი ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან მთელი ორკვირიანი კამპანია და სერიალები, სხვადასხვა ჩანაწერების გამოქვეყნებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით კი, „ეს საქმე უნდა მივიდეს მრავალმხრივ ობიექტურად ყოველმხრივ გამოძიების შედეგად ბოლომდე და ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც დააშავა“.
ყიფიანის განცხადების შემდეგ, შემხვედრი კითხვები გაუჩნდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას. „ყველაფერი, რასაც ლევან ყიფიანი ამბობს, აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ზუსტად იმ ვერსიას, რასაც სთავაზობდა საზოგადოებას და აიძულებდა, რომ ეს ვერსია დაეჯერებინა საზოგადოებას რუსთავი 2 და ნაციონალური მოძრაობა, ახლა ამაზე გაგვცენ პასუხი“, – განაცხადა მან.
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ლევან ყიფიანის ეს განცხადება ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ზეწოლის შედეგია.
„არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დააშინა და მორალურად გაანადგურა იმ საქმის მოწმე, რომელიც უკვე ერთი თვეა აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ადამიანი, რომელიც ჯერ მაყურებლად გაამწესეს დამოუკიდებელ ბიზნესში, შემდეგ კი განტევების ვაცად დანიშნეს, გამოიყვანეს და მას არნახული სიყალბე ალაპარაკეს“, – განაცხადა ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
ყიფიანის მონაყოლს „საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრად და აბუჩად აგდების მცდელობად“ აფასებს ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.„სინამდვილეში ეს ყველაფერი ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ მართლაც ეს ყველაფერი არის სიმართლე, მართლაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში და დღეს ეძებენ გამოსავალს, როგორ არ გამოიძიონ და მიჩქმალონ ეს ამბავი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ოთარ ფარცხალაძის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას ითხოვს და ლევან ყიფიანს სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)