არასამთავრობოები ზურაბიშვილს „ქსენოფობიური“ განცხადების გამო აკრიტიკებენ

15 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას გმობს და მას „ქსენოფობიურს“ უწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი 2 ოქტომბერს ნინოწმინდაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, მოქალაქეობის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ „აქამდე, მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმ თვით ადრე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის 2 758 მოქალაქეს მიანიჭა. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი გამოსვლაში სწორედ ამას გულისხმობდა.

„მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

არასამთავრობოების თქმით, ზურაბიშვილის განცხადება „უკანონო აგიტაციის“ ნიშნებსაც შეიცავს. მათივე განმარტებით, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას“.

არასამათავრობოები პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს „ქსენოფობიური“, “რასისტული” და „დისკრიმინაციული“ განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კი, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესწავლისკენ და „სამართლებრივი რეაგირების განხორციელებისკენ“ მოუწოდებენ.

ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურნენ და ოპონენტებმა მისი ეს განცხადება „სრულ კატასტროფად“ და რეგიონში „ეთნიკური შუღლის“ გაღვივების მცდელობად შეაფასეს.

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)