პროკურატურა: მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, მედიაში ბოლო დროს გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობა ჩანს, ავთენტური არ არის და დამონტაჟებულია.

პროკურატურის 5 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე უწყებამ გამოძიება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც „სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს“.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში, უწყებამ სხვადასხვა მედიასაშუალებიდან აუდიოჩანაწერები გამოითხოვა და მათი ავთენტურობისა და „მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა“.

უწყების განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ 9, 11, 14 და 24 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა გასცა, რომლის თანახმადაც „ისინი არ არის ავთენტიკური“ და  „დამზადებულია მონტაჟის გზით“. ამასთან, „ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი“, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის განცხადებით, ყველა ჩანაწერში აღინიშნება „ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები“, კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსაბამობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი და შეუსაბამო ინტონაციური სურათი. ამასთან, „მრავლად ფიქსირდება სიტყვებისა და ფრაზების წყვეტა“, ყველა ჩანაწერი „იწყება და მთავრდება წყვეტებით“ და თითოეულის შიგნით „დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები“.

მედიის საშუალებით ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია იბერიას თანამშრომლებმა ხელისუფლება არხზე ზეწოლასა და მათი მთავარი დამფინანსებელი კომპანიის “ომეგა-ჯგუფისთვის ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულეს.

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, 3 ოქტომბერს, თითქმის 2 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ფარული აუდიოჩანაწერებში მის თანამონაწილეობა დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ის ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის იმ გეგმის ნაწილი იყო, რომლითაც ბიზნესმენი მისი ფინანსური ვალდებულებების ჩამოსაწერად, უცხოელი ბიზნესპარტნიორების დარწმუნება უნდოდა, თითქოს ის საქართველოში ხელისუფლების მხრიდან წნეხს განიცდიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)