ცხინვალის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეების მიერ „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ წინაგართან დაკავებულ საქართველოს მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი მაია ოთინაშვილი 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სახლში დაბრუნდა. ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს 9 ოქტომბერს სოფელ ერგნეთში გადასცეს.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთის მახლობლად დააკავეს. თუმცა, ცხინვალის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მეორე მხარეს, სოფელ წინაგარის მახლობლად აიყვანეს. მათივე თქმით, ოთინაშვილი ადგილობრივებს, ფულის სანაცვლოდ, „სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთაში ეხმარებოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ოთინაშვილმა ოჯახის ვერსია გაიმეორა, რომ ის ხურვალეთში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. მისი თქმით, ის ოსებმა დაიჭირეს და რუსებთან წაიყვანეს. მას, სავარაუდოდ, წინაგარის რუსული ბაზა ჰქონდა მხედველობაში. ოთინაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ცხინვალში გადაიყვანდნენ, მან ერთი დღე რუსულ ბაზაზე გაატარა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია და ის სცემეს, თუმცა დასძინა, რომ მომდევნო დღეებში კარგად ეპყრობოდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც ოთინაშვილი დღეს ხურვალეთში მოინახულა, განაცხადა, რომ მისი დაკავება იყო „უკანონო, სამართლებრივი ჩარჩოდან და ჰუმანურობის პრინციპებიდან ამოვარდნილი“ და რომ ოთინაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველა „ფორმალური თუ არაფორმალური“ მექანიზმის მობილიზება მოახდინეს.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, რომელიც ასევე ხურვალეთში იმყოფებოდა, დააკონკრეტა, რომ ოთინაშვილის გათავისუფლება მათი და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო. მისი თქმით, მოჭიდავეთა პირადი კავშირების წყალობით, ოთინაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჯამბოლატ თედეევი ჰყავდა, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის გუნდის მწვრთნელი, რომელიც წარმოშობით ცხინვალიდანაა.

ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, აკაკი დოთიაშვილი, გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრი, რომელიც ანალოგიური ბრალდებით 6 ოქტომბერს დააკავეს, 9 ოქტომბერს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს რუსულმა FSB-მ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით საქართველოს 178 მოქალაქე დააკავა, მათგან 126 პირი ცხინვალის რეგიონში, 52 კი, აფხაზეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)