20 დღეში სალომე ზურაბიშვილმა მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო
აუდიტის სამსახურის ბოლო მონაცემებით, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, შემოწირულება 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო, ფულადი და არაფულადი შემოწირულების ჯამურმა მოცულობამ 1 277 515 ლარი შეადგინა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულების 85 % – 1 087 283 სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 108 369 ლარით მას ევროპული საქართველო, 56 965 ლარით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსდევს.
12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში, 7 240 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს თავისუფალმა დემოკრატებმა, 3 000 ლარი პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბესარიონ თედიაშვილმა, 1 550 ლარი თავისუფალმა საქართველომ, 700 ლარი პრეზიდენტობის ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვლადიმერ ნონიკაშვილმა, 89 ლარი კი ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა.
საბიუჯეტო დაფინანსება
გარდა შემოწირულებებისა, კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა საბიუჯეტო დაფინანსებაც მიიღეს. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 495 460 ლარით, ჯამში 16 პოლიტიკური სუბიექტი დაფინანსდა. ყველაზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება – 86 344 ლარი, ევროპულმა საქართველომ მიიღო, მას 82 644 ლარით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსდევს, 42 683 ლარით თავისუფალი დემოკრატები, 39 401 ლარით ლეიბორისტული პარტია, 16 293 ლარით პარტიები – სახელმწიფო ხალხისთვის და ახალი საქართველო, 7 252 ლარით კი თავისუფალი საქართველო.
ბიზნესსექტორი და ექიმები სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილს ათეულობით ათასი ლარი სხვადასხვა ბიზნესსუბიექტმა, ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალმა და დირექტორატმა შესწირა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩაჩავას კლინიკის ექიმების ანგარიშები უბრალოდ თანხის გადასარიცხად გამოიყენეს და მათ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის თანხა საკუთარი ნებით არ გადაურიცხავთ. ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პალიკო კინტრაიამ განმარტა, რომ ის სალომე ზურაბიშვილს არ იცნობს, თუმცა თანხა მას საკუთარი სურვილით გადაურიცხა. იმავეს ამბობს ექიმების ნაწილიც.
ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველმა ნიკოლოზ კინტრაიამ Facbook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის არჩევნებში ხმას სალომე ზურაბიშვილს არ აძლევდა. თუმცა, მან მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა.
ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთი აქციონერი და ღუდუშაურის კლინიკის კონსულტანტი ელგუჯა გოცირიძე ქართული ოცნების ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატია. მან მედიასთან ექიმების შემოწირულებებში მისი რაიმე ფორმით ჩართულობა კატეგორიულად უარყო.
ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური გამოეხმაურა და განმარტა, რომ სხვისი სახელით შემოწირულების გაკეთება საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. მანვე აუდიტის სამსახურს საქმის შესწავლისკენ მოუწოდა. აუდიტის სამსახურმა მსხვილი შემომწირველების, მათ შორის, ექიმების „დეკლარირებულ შემოსავლებზე“ წვდომის მიღების მოთხოვნით, სასამართლოს 9 სექტემბერს მიმართა.
მილიონიანი კრედიტი სალომე ზურაბიშვილს
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს ბანკი „ქართუსგან“ 1 მილიონ ლარიანი კრედიტი მიიღო. სესხის პირობები – დაფარვის დრო და კრედიტის საპროცენტო განაკვეთი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებული არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ირმა პავლიაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია კრედიტის პირობები. მისივე განმარტებით, „რაიმე საშეღავათო პირობის“ არსებობის შემთხვევაში, კრედიტი უკანონო შემოწირულებად შეიძლება ჩაითვალოს. იმავეს ამბობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც“. აუდიტის სამსახურის განმარტებით, სესხის საპროცენტი განაკვეთის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მათ სალომე ზურაბიშვილს უკვე მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)