ევროპარლამენტარებმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელება დადებითად შეაფასეს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში 9 ოქტომბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიში განიხილეს და მიღწეულ წინსვლას მიესალმნენ, თუმცა ამავე დროს, ის სფეროები გამოყვეს, სადაც ევროკავშირთან დასაახლოებლად ქვეყანამ დამატებით ძალისხმევას უნდა მიმართოს.
ევროპარლამენტარები საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კურსს მიესალმნენ, რაც მათ შეფასებით, ქვეყანას რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცევს. თუმცა, იქვე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ „კვლავაც უზრუნველყოს სტაბილურობა, შემდგომი დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და ქართველებისთვის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ მთავარ წუხილებად კვლავ რჩება ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის და მედიის შინაარსი დეპოლიტიზაციის საკითხები.
ევროპარლამენტარმა ანდრის მამიკინსმა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ პირველი ანგარიშის ავტორია, განაცხადა, რომ „საქართველოს მკაფიო მისწრაფება აქვს, რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და პარტიებს შორის კონსენსუსი ამ ევროპულ დღის წესრიგზე ძალიან მნიშვნელოვანია“.
იმ სფეროებზე საუბრისას, სადაც გაუმჯობესებაა საჭირო, მამიკინსმა რიგი საკითხები დაასახელა, მათ შორის, შრომითი უფლებები, ეკონომიკური ემიგრაცია, მაღალი დონის კორუფცია, სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტება, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები.
მამიკინსის ანგარიშის პროექტს მხარი 43 დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. დოკუმენტი ახლა ევროპარლამენტს წარედგინება. ანგარიშის პროექტზე კენჭისყრა ნოემბრის სესიის დროს იგეგმება.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. ის სრულად ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)