არასამთავრობოები საჯარო მოხელეების მიერ ზურაბიშვილის სასარგებლოდ მხარდამჭერების მობილიზებაზე საუბრობენ
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რეგიონებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მხარდამჭერების მობილიზებას და მათი სიების შედგენას „ავალდებულებენ“.
12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აწერს, აღნიშნულია, რომ ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერონალური მონაცემები უნდა შეავსონ.
„ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით, მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედებები „შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან“. ასევე, არღვევს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების შესახებ მთავრობის განკარგულებას.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციები აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც ფლობენ, თუმცა „ა(ა)იპ- ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ“.
არასამთავრობო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებს და მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, რომ „არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი“, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს კი „პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე უარის თქმისა და მსგავს ფაქტებზე ღიად საუბრისკენ მოუწოდებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)