აქტივისტები არასრულწლოვნის მოტაცების შესახებ გამოძიების გაჭიანურებას გმობენ
საქართველოს ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები 16 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ და სამართალდამცველი სტრუქტურები საქართველოში არასრულწლოვანი გოგონას მოტაცების საქმეზე „თვალის დახუჭვაში“ დაადანაშაულეს.
საპროტესტო აქციას ოთხი დღით ადრე, კახეთში სოფელ ლამბალოში, საკუთარი სახლიდან 17 წლის აზერბაიჯანელი გოგოს გატაცება უძღოდა. ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ პოლიციამ გამტაცებლის ვინაობა იცის, თუმცა არაფერს აკეთებს.
16 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ პოლიცია პროცესს იმ იმედით აჭიანურებს, რომ საქმეს ოჯახები მოაგვარებენ.
ქალთა უფლებების დამცველმა ბაიამ პატარაიამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიო პოლიტიკა ადრეული და ძალადობრივი ქორწინებების შესახებ, ხოლო პოლიციის დამოკიდებულება გამტაცებლების მიმართ ლიბერალური და ლოიალურია. პატარაიას თქმით, ამგვარი მიდგომა ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაციის ტოლფასია, ვინაიდან ბევრი, თუმცა არა ყველა მოტაცება ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ხდება.
ქალთა მოძრაობის თქმით, „საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში ხშირია ცოლად მოყვანის მიზნით გოგოების გატაცება. პოლიცია ვერასდროს პოულობს გამტაცებელს, რომელიც ხშირად მეზობელ სოფელშია დამალული ნათესავებთან“.
შსს-ის პრესსამსახურმა Civil.ge-ს დღეს განუცხადა, რომ საქმეზე ჯერჯერობით ახალი არაფერია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს 16-19 წლის ასაკის 386 ბიჭი (2016 წელს 458) და 2 213 გოგო (2016 წელს 2 545) დაქორწინდა. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, ქორწინების გამო, სკოლა 13-17 წლის ასაკის 408-მა და 18 წლის ასაკის 168 მოსწავლემ დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)