მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს
მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციისა და „რეალობის მოდელირების“ მცდელობაზე საუბრობს. ამის შესახებ, დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 17 ოქტომბერს გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის კომენტირებისას, რომელშიც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ხელისუფლების მიმართ მაკომპრომეტირებელი მასალების ფლობაზე საუბრობს, პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ეს ადამიანი [სუბელიანი] რას საუბრობს და რა ფაქტებს ასახელებს, დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ამ ყველაფერში არის ილუზია“.
ბახტაძის შეფასებით, ამ ფაქტებით, სამწუხაროდ, „ცდილობენ, რომ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იმაში, რომ გარკვეული მოლოდინი შექმნან, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი მშვიდობიანი გარემოს ფონზე“.
„საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის. როგორც ჩანს, რეალობის მოდელირება ჰობად იქცა, სამწუხაროდ გარკვეული ადამიანებისთვის და მინდა განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით, რომ საქართველოში არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ ოპონენტები „რეალობის მოდელირებას“ და „ტვინის გამორეცხვას“ ცდილობენ და მათ ეს არ გამოუვათ“.
ფარული ჩანაწერების გავრცელებას კონკრეტული „პოლიტიკური კონიუნქტურის“ ინტერესად აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც. მინისტრის შეფასებით, ამით ოპონენტებს „დაძაბულობისა და პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდის შედეგად, სურთ მიაღწიონ რაღაც შედეგებს“.
„დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად…ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი“ – განაცხადა შს მინისტრმა და დასძინა, რომ „არჩევნები იქნება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შსს“.
მანვე ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „შსს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და ყველა ამ კითხვას გაეცემა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხი, მას შემდეგ, რაც შსს ჩაატარებს მშვიდ უსაფრთხო გარემოში არჩევნებს“.
წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობაზე, ჯერ კიდევ გუშინ საუბრობდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. გუშინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მან 25 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის მიერ 19, 20 და 21 ოქტომბერს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მსვლელობების მოწყობის ნებართვის მისაღებად გაგზავნილი წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა და მათი პარტიული ტელევიზია რუსთავი 2“ სიტუაციის „დაძაბვას“ და „წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია“ ცდილობს.
„ისინი მთლიანად თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა და იგონებენ სხვადასხვა თემებს“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, „მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რეალური სიტუაცია ქვეყანაში მოდელირებული გზით შეცვალონ“.
ქალაქის მერის თქმით, ოპოზიცია, აქციებით, „მოდელირებული და შეთითხნილი, არასწორი, მოგონილი ჩანაწერებით“, „არეულობისა“ და „დესტაბილიზაციას“ გეგმავს. „ქვეყანაში არეულობის უფლება არ მიეცემა არავის“, – დასძინა კახა კალაძემ.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)