აშშ-მა საქართველოს ორი საპატრულო კატარღა აჩუქა
საქართველოს სასაზღვრო დაცვამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად Island-ის კლასის ორი საპატრულო კატარღა მიიღო, რომლის გადაცემის სპეციალური ცერემონიაც 18 ოქტომბერს ფოთში გაიმართა.
საპატრულო კატარღები საქართველოს სანაპირო დაცვას თანამედროვე შესაძლებლობებით უზრუნველყოფს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სანაპირო დაცვის ოპერაციების ეფექტურობას.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ საქართველომ ორი კატარღა Staten Island და Jefferson Island, რომელთაც სახელი გადაერქვათ და „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ ეწოდათ, „აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის“ შედეგად მიიღო.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ეკიპაჟი ბალტიმორში აშშ-ის სანაპირო დაცვამ მოამზადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კატარღები დაეხმარება ქვეყანას, რომ „ნატოს საიმედო პარტნიორი გახდეს ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში“, ასევე გააფართოვოს კავშირები რეგიონის სხვა პარტნიორებთან.
„მადლობას ვუხდით საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა და აღნიშნა, რომ „რთული სამეზობლოსა“ და ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინებით, უკანონო ვაჭრობის კონტროლი ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცერემონიაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის კატარღების გადაცემით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა „საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას“.
აღნიშნა რა, რომ აშშ-საქართველოს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე, ბახტაძემ განაცხადა, რომ „შავი ზღვა აუცილებლად შეასრულებს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში განსაკუთრებულ როლს“.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კატარღები საქართველოს დაეხმარება, რომ გახდეს „მტკიცე ბასტიონი რეგიონული და ტრანსნაციონალური საფრთხეებისგან დასაცავად. გაზრდილი შესაძლებლობები, რომლებითაც აღჭურვილია თანამედროვე კატარღები, მნიშვნელოვნად შეამცირებს რეაგირების დროს, რომელიც სჭირდება საქართველოს სასაზღვრო დაცვას, გამოავლინოს და აღკვეთოს უკანონო საქონლის ტრანსპორტირება, მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების კონტრაბანდა და სხვა არალეგალური აქტივობები, რომლებიც ხორციელდება მიმდებარე წყლებში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)