1918: ოქტომბრის პრო-რუსული გადატრიალების მცდელობა აფხაზეთში და თბილისის რეაქცია
- 1918 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში აფხაზეთში გადატრიალების მცდელობა მოხდა, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის მოხალისეთა არმიის დახმარებით და მის მიზანს რეგიონის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისაგან გამოყოფა წარმოადგენდა. შეთქმულებას მხარს უჭერდა აფხაზეთის საქმეთა მინისტრი თავადი რობერტ ჩხოტუა, ასევე არაერთი სხვა მემამულე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ საქართველოს მთავრობის წამოწყებული მიწის რეფორმის შედეგად მამულების მოსალოდნელი დაკარგვის გამო. ჩხოტუა, შერვაშიძე და აფხაზეთის სხვა დიდგვაროვანი თავადები მანამდე თურქოფილური პოზიციებით გამოირჩეოდნენ და ზაფხულში ოსმალურ ჯარს შემოუძღვნენ სოხუმის ოლქში. მაშინ ოსმალეთის ჯარები და მათი “აფხაზური პროექტი” ვალიკო ჯუღელის რაზმმა გაანადგურა, რაც იმანაც გაამარტივა, რომ კოდორის ქვემო წელზე მცხოვრებმა ქრისტიანმა აფხაზებმა ოსმალების მხარე არ დაიჭირეს. შემოდგომაზე კი სოხუმის ოლქის მიწათმფლობელი არისტოკრატია რუსოფილურ პოზიციაზე დადგა, რაც მსოფლიო ომში გერმანიისა და ოსმალეთის იმპერიის დამარცხების მოახლოებასაც უკავშირდებოდა. ისტორიკოსი ენდრიუ ანდერსენი აღნიშნავს, რომ მიწის რეფორმასთან ერთად, აფხაზეთის თავადების ამ პოზიციების მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობის წინაშე შიშიც იყო, იმდენად, რამდენადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჯერ კიდევ არასტაბილური და სუსტი, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმწიფო იყო.
- გადატრიალება 9 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა მეორე დღესვე ჩაახშეს საქართველოს მთავრობის ჯარება. თავადი ჩხოტუა დააპატიმრეს, ოლქის დროებით კომისრად კი ცნობილი ბენია ჩხიკვიშვილი დანიშნეს.
- აფხაზეთის მოვლენებს მიუძღვნა გაზეთმა „სახალხო საქმემ“ 1918 წლის 19 ოქტომბრის მთავარი სტატია.
(გაზეთი „სახალხო საქმე“, 19 ოქტომბერი, 1918, N361)
აფხაზეთის ამბების გამო
აფხაზეთის საკითხი თავის თავად, როგორც მისი უმრავლესობის საკითხი თითქმის არ არსებობს. იქ იმდენად დაცულია ჯერ კიდევ პატრიარქალური და ფეოდალური ურთიერთობა გლეხთა და თავად-აზნაურობას შორის, რომ პირველი უკანასკნელის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება. ამიტომ არის, რომ თითო-ოროლა ადამიანის ავანტიურა იქ ყოველთვის პოულობს გამოხმაურებას და მედგარი შინაური ძალა არ არსებობს, რომ შარვაშიძეების და ჩხოტუების ავანტიურას რამე წინააღმდეგობა გაუწიოს.
ამ უკანასკნელ ხანს რაც მოხდა აფხაზეთში , ნაყოფია იმ გზა აბნეულობისა, რომელსაც იჩენს აფხაზეთის თავად-აზნაურობა ამ რთულ მომენტში. იგი, რასაკვირველია, უკმაყოფილოა დემოკრატიულ რესპუბლიკისა და განსაკუთრებით მიწის რეფორმისა, რომელიც მუქთახორულ ცხოვრების ნებას აღარ მისცემს. ამიტომ არის, რომ იგი მუდამ გარედ იყურება მგელივით. ამიტომ იყო, რომ ჯერ ცნობილ შერვაშიძის მეთაურობით შემოვიდა ოსმალეთის რაზმი აფხაზეთის „დასამშვიდებლად“, შემდეგ კი გენერალ ალექსეევთან დაიჭირეს კავშირი იქაურმა რეაქციონერებმა. ფართო მასსა აფხაზებისა, რასაკვირველია, ამაში დამნაშავე არაა. იგი იმდენად აჰყვება ამისთანა ავანტიურას, რამდენადაც შეუგნებელია და თავად-აზნაურობის გავლენას ჯერ კიდევ განიცდის. ეხლა კი უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის რეაქციონერების მოქმედება ღალატია არა მარტო აფხაზეთის დემოკრატიისა, არამედ მთლად საქართველოს რესპუბლიკისა. და ამიტომ მათ ისე უნდა მოვექცეთ, რანაირადაც ექცევიან მოღალატეებს.
მაგრამ არის ერთი მხარე საკითხისა, რომელსაც ყოველთვის ივიწყებენ აფხაზთა რეაქციონერები. ეს ის გარემოება გახლავთ, რომ სოხუმის ოლქი ძლიერ აჭრელებულია ეთნოგრაფიულად. სხვა ეროვნებანი (სომხები, ბერძნები, პოლონელები, ლიტველები), რომ არ მივიღოთ მხედველობაში – თვით აფხაზებზე მეტია სოხუმის ოლქში ქართველობა (მეგრელები). ქართველობა იქ ხელ ჩაკიდებული მიდის აფხაზთა იმ ელემენტებთან, რომელთაც კლასიური ვიწრო მიზნები კი არ დაუსახავთ არამედ მხედველობაში აქვთ ფართო მასსის, დემოკრატიის ინტერესი. ხოლო ჭეშმარიტად გაგებული ინტერესები ხალხისა, უეჭველია, მოითხოვს საქართველოს ფარგლებში დარჩენას და არა ველურ ოსმალეთის, ან შავი რეაქციის მოციქულ ალექსეევის ჯარის ხელში ჩავარდნას. საქართველოში აფხაზეთს ენიჭება გარდა იმ საერთო თავისუფლების, რომლითაც სარგებლობს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე, თვითმართველობა, რითაც უზრუნველყოფილია ამ ხალხის კულტურული და ეკონომიური განვითარება. ამიტომაა სწორედ, რომ აფხაზეთის ჭეშმარიტი მამულიშვილნი მუდამ ჩვენთან არიან და შეგნებული გლეხობაც დემოკრატიული რესპუბლიკის ერთგულია.
აფხაზეთის რეაქციონერების ბნელი ზრახვები თვითვე აფხაზებისავე მოწინავე პირებში ჰპოებს პროტესტს და წინააღმდეგობას. მით უმეტეს, რომ მათი საქციელი გარდა იმისა, რომ რეაქციას უხმობს – ერებს შორისაც უთანხმოებასა და შურსა ჰბადებს. მეგრელები, რომელნიც მცხოვრებთა თითქმის 40 პროცენტს შეადგენენ – დიდად აღელვებულნი იყვნენ და უკმაყოფილონიც თავის დროზე იმის გამო, რომ მათდადაუკითხავად, სრულიად მათს გარეშე აფხაზეთის ზოგიერთმა წრეებმა კავშირი შეჰკრეს ჩრდილოეთ კავკასიასთან. ამიტომ ეროვნებათა დაახლოებისათვის, დემოკრატიული ფრონტის განმტკიცებისათვის საჭირო იყო შექმნა ისეთი ორგანოსი, რომელიც წარმომადგენელი იქნებოდა სოხუმის ოლქის ყველა მხცოვრებლებისა. ასეთი ორგანიზაციის სურროგატი უკვე არსებობს და ამიტომ მისი გამაგრება და ჩვენს რესპუბლიკასთან დაახლოებაა საჭირო. გენ. ალექსეევი საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელ ევგ. გეგეჭკორთან მოლაპარაკების დროს აღნიშნავდა გაკვრით, რომ აფხაზეთს რუსეთთან შეერთება უნდა. ეს ტყუილია. რა ხეერი და სიკეთე ახსოვს რუსეთისაგან აფხაზეთის ხალხს, რომ მისი კალთები ინატროს. მარტოოდენ მუჰაჯირების მოგონება ჰკმარა ამ აზრის უარსაყოფად. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენს მთავრობას უდიდესი სიფრთხილე და სიფხიზლე ჰმართებს, რათა ძირფესვიანად ამოგდებულ იქმნას იქ ყოველგვარი ავანტიურა. ეს საუკეთესო იქნება როგორც საქართველოს რესპუბლიკის მთლიანობისთვის, ისე თვით აფხაზეთის ხალხის დემოკრატიის ინტერესებისათვის, რომლის ჭეშმარიტი წარმომადგენელნი ჩვენთან არიან და ჩვენთანვე დარჩებიან.