ჩვენი აზრი: როგორი პოლონეთი გვარგია?
პოლონეთი ევროპის აღმოსავლეთით ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა და თუნდაც ამითაა მნიშვნელოვანი. თუმცა, ვარშავის გავლენა ევროპაში მხოლოდ ზომა-წონას არ ეფუძნება.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ პატივისცემას გამოცდილებაც დაემატა და ევროკავშირსა თუ ნატოში ვარშავამ ნამდვილი გავლენა მოიპოვა.
მსოფლიო ომებში დიდი სახელმწიფოებს შორის მიერ ბევრჯერ გაჭყლეტილი პოლონეთი, საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლას ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებოდა და ევროკავშირშიც და ნატოშიც ჩვენს საიმედო მეგობრად იქცა.
ზოგჯერ ჩვენივე ბედოვლათობით, ზოგჯერ კი დასავლეთის დედაქალაქების უყურადღებობით გაფუჭებულ საქმეებშიც ვარშავა საქართველოს სახელით იბრძოდა, თავდებად გვიდგებოდა და გვიცავდა.
რატომ ახერხებდა პოლონეთი ჩვენს დახმარებას? იმიტომ, რომ მის ლიდერებს ენდობოდნენ და ყურს უგდებდნენ. სადაც ქართულ დიპლომატიას ფეხის მოკიდება და სიტყვის ჩაგდება უჭირდა – პარიზსა თუ ბერლინში – ვარშავის სიტყვა უფრო ჭრიდა ხოლმე.
ევროპისგან გარიყული, ბერლინთან დაპირისპირებული პოლონეთი საქართველოსთვის ცუდი ამბავია, შესუსტებული საყრდენია.
ისღა დაგვრჩენია, მეგობრებს ვუსურვოთ, რისხვა მოთოკონ და თავისი მომავლის შენებას კვლავაც გულდასმით და მშვიდად მიჰყვნენ. ევროპის წილი და წევრი პოლონეთი ჩვენთვისაც იმედია.