პუტინი სააკაშვილზე და „ლუგარის ლაბორატორიაზე“ საუბრობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება „ანტი-სახელმწიფოებრივ და ანტი-სახალხო პოლიტიკას“ ახორციელებს, ისევე, როგორც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც „სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა“.
„ამ უბრალოდ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა და ეს სააკაშვილის ქმედებების შედეგად მოხდა, ეს მისი მუშაობის შედეგი იყო“, – აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ დასანანი იქნებოდა, უკრაინის ლიდერებს „მისი ნაბიჯები რომ გაემეორებინათ“.
პუტინმა თბილისში აშშ-ის დახმარებით და დაფინანსებით ჩამოყალიბებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზეც ისაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ იტყვის, თუ რამდენად სანდოა, საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის განცხადებები, მაგრამ „ეს უდავოდ შეშფოთებას იწვევს“ მოსკოვში. „თუ ამგვარი სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, ეს ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა პუტინმა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პუტინის განცხადება 19 ოქტომბერს შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება რამდენიმე დღეში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ობიექტის დეტალური შესწავლისთვის საერთაშორისო, მათ შორის, რუსი ექსპერტების გამოგზავნის თხოვნით მიმართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)