MDF: სიძულვილის ენა წინასაარჩევნო პერიოდში
მედიის განვითარების ფონდის მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური პარტიების და საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ან მათ წინააღმდეგ 117 სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება გაკეთდა.
ანგარიში 2018 წლის 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს და 18 სატელევიზიო, ონლაინ და ბეჭდური მედიასაშუალებით გაშუქებულ ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს ასახავს*.
ანგარიშის თანახმად, მედიის მიერ გაშუქებული დისკრიმინაციული განცხადებების უმეტესობა ქსენოფობიური ხასიათისაა და მიგრანტების წინააღმდეგაა მიმართული (56). შემდეგ მოდის თურქოფობია (19), ჰომოფობია (17), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (12), ძალადობის წახალისება (8), შუღლის გაღვივება (2), გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია (2) და რასიზმი (1).
59 დისკრიმინაციული განცხადება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს, ხოლო 49 საპრეზიდენტო კანდიდატებმა.
ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა კახა კუკავამ (19) გააკეთა. შემდეგ მოდის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი (9) და დამოუკიდებელი კანდიდატი ბესარიონ თედიაშვილი (7). სამი დისკრიმინაციული განცხადება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება პატრიოტთა ალიანსზე (30) და ქართულ დასზე მოდის (13). შემდეგ არიან ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო (5) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (4).
ანგარიშის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სიძულვილის ენა 11-ჯერ გამოიყენეს. ამ განცხადებების უმეტესობის სამიზნე სალომე ზურაბიშვილი იყო (5). შემდეგ მოდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (3), ევროპული საქართველო (2) და ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ (1).
*კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის ფარგლებში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)