აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ანტი-დასავლურ პროპაგანდას დაუპირისპირდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით, საქართველოს ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან დაპირისპირებაში დახმარებისთვის ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
18-თვიანი პროექტს სახელწოდებით „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს და მისი მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე „ობიექტური და ყოვლისმომცველი“ ინფორმაციის მიწოდებაა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა გუშინდელ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს პროექტებს, რათა „ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე“ საქართველოს მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატოს. მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგას.
„ეს პროექტი წარმატებულ დიალოგს უზრუნველყოფს, რა დროსაც მოხდება მეტი ქართველის ინფორმირება დასავლური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს შეუქცევადი არჩევნის სარგებლის თაობაზე“, – განაცხადა რუდმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას უფრო შორეულ რეგიონებში იმ წარმატებისა და გამოწვევების თაობაზე, რომლის წინაშეც დგას საქართველოს მისწრაფება, რომ გახდეს „დემოკრატიული ქვეყნების დასავლური თანამეგობრობის“ ნაწილი.
საქართველოში ანტი-დასავლური პროპაგანდის ზრდის შესახებ საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „ჩვენ პროპაგანდას არა კონტრპროპაგანდით, არამედ ქვეყნის წარმატებული რეფორმებით, ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებით და ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მიღებული სარგებლის დემონსტრირებით ვპასუხობთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)