საქართველოს და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე იმსჯელეს
23 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მეხუთე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუვის მხრიდან კი, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ქვეყნის წვლილს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. „ამ კვირას ქართველები ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის თაობაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს და ვინ იქნება ქვეყნის წარმომადგენელი. მჯერა, რომ საქართველო დაამტკიცებს თავის ერთგულებას ევროპული ღირებულებების მიმართ“, – ლიეტუვის განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინკევიჩიუსმა.
ვილნიუსში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტისსაც შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)