ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს პოლიტიკოსები აფასებენ
ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან 23 ოქტომბერს „ტელეკომპანია პირველის“, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მისცა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
ივანიშვილი 2 საათიან და 20 წუთიან ინტერვიუში მის მიერ დასმული აქცენტების გამო, მწვავედ გააკრიტიკეს ოპოზიციაში, მმართველ გუნდში კი აღნიშნეს, რომ „ეს იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა“.
- მმართველი გუნდის შეფასებები
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „გუშინ იყო საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც შუქდება ერთი სახით და რეალობა არის მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა. სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა ვერ დაეთმო სამომავლო ხედვებზე საუბარს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარეს სამომავლოდ ექნება იმის საშუალება, რომ საზოგადოებას ასევე ესაუბროს სამომავლო ხედვაზე, იმაზე თუ როგორ გვესახება ჩვენ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ძალიან ცუდია, რომ ამ ფორმით წარიმართა დისკუსია, როგორითაც წარიმართა და ხედავდით თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი და რამდენად ირღვეოდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები დისკუსიის წარმართვის დროს“.
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც რესპონდენტიც არის, ასევე მედიატორობს დისკუსიების დროს, აიტანოს ყველანაირი შეკითხვა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ისინი აიტანოს, არამედ დეტალური პასუხებიც გასცეს და აიტანოს ისიც, როდესაც მაგალითად, მას უზრდელად ექცევიან“.
თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტებს ეკითხათ რას გულისხმობდა ამ ერთწლიან გეგმებში, მართლაც პარტიული დღის წესრიგის ფრიალი ვიხილეთ გუშინ, რაც ძალიან სამწუხარო იყო. ბევრად უფრო საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო ეს დისკუსია. მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ინფორმაცია ვერ მიიღო ამომრჩეველმა და მოსახლეობამ ამ თემის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ არ იყო გუშინდელი ინტერვიუ ის, რომ მხოლოდ რუსთავი 2-სი მიმართ ხდებოდა რაღაც საკითხების გადაბრალება მე ასე არ მიმაჩნია“.
სოფო კილაძე – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: „ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ, რომელმაც ისაუბრა ძალიან გულწრფელად საჭირბოროტო პრობლემებზე. მე მგონია, რომ მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ მაშინ, როდესაც მედია არასწორ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, ეს არის უკვე ქვეყნის და დემოკრატიის ინტერესების საზიანო. სწორედ ამაზე გააკეთა ერთ-ერთი აქცენტი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა“.
- ოპოზიციური ლიდერების შეფასებები
გრიგოლ ვაშაძე – ძალა ერთობაშია: „გუშინ, კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, უნიჭო რეჟისორის დადგმული, სადაც ქურდული ოცნების მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების და პრობლემების მიმართ, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ისე გამოვიდა, რომ სჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინა ეს პრესკონფერენცია, იმიტომ, რომ აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ ამ ინტერვიუდან გაიგო შემდეგი: რომ ბატონი ივანიშვილის სრულიად უჭერს მხარს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ომი 2008 წელს რუსეთთან დაიწყო საქართველომ და მან დაბომბა თავისი მძინარე მოსახლეობა; აღმოჩნდა, რომ მას გაცილებით უფრო მჭიდრო კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან, ვიდრე ჩვენ გვეგონა. თქვენ კი არ დასცინით, შეურაცხყოფას აყენებთ საქართველოს მოქალაქეებს და საზოგადოებას“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „გუშინ მოვისმინეთ ქართული ოცნების და ჩვენი სახელმწიფოს მმართველის ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე, ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი, რომ, თურმე, ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად და, უბრალოდ ადამიანები ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ მათ ჟურნალისტები ეუბნებიან, რომ ყველაფერი არის ცუდად. თურმე, ჩვენ რომ ერთი დღე სახლში ტელევიზორი გამოვრთოთ და გარეთ გამოვიხედოთ, დოლარი გახდება 2 ლარზე ნაკლები, გავიგონებთ ქართული ოცნების მიერ გახსნილი, აგუგუნებული ქარხნების ხმას, დავინახავთ საკუთარ სახლში გავსებულ მაცივარს და ვიგრძნობთ, რომ ვცხოვრობთ აშენებულ ქვეყენაში. ექვსი წლის თავზე, მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს, აღარ ესმის და ვეღარ იგებს ადამიანების პრობლემას და გაჭირვებას. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული.
დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: „ივანიშვილი პრობლემების მოგვარებას მათი მიჩქმალვით ცდილობს, რადგან სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს. გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, რუსთავი2-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი, მაგრამ ვერ ვნახეთ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელიც პოზიტიური ენერგიებით აავსებდა საზოგადოებას. ჩვენ მოვისმინეთ დაპირება, რომ იგი ერთ წელიწადში შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ვერ შეძლო 7 წლის განმავლობაში – გუშინ ისიც დავინახეთ, რომ ივანიშვილისთვის პრაგმატულ-პოლიტიკურად ნაცმოძრაობა-რუსთავი2-ს გაცილებით დიდი ფასი და სარგებელი აქვს, ვიდრე საკუთარ სახელისუფლებო გუნდს და ტელევიზიებს…შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სხვებმა უნდა ვიპოვოთ და ხელისუფლება იძულება-დარწმუნებითი გზით უნდა დავითანხმოთ 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. ამისთვის კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)